ვფხსტყსნ–ის ანალები (18+)



 WARNING: აბსურდული პოსტი არააბსურდული ასპექტებით.

 "ხერხი სჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა", ოღონდ თუ არც ღონე გაქვს და არც საკმარისი ტვინშიგნითა შესაძლებლობები ხერხის მისაგნებად, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების წევრი ხარ. (:D) ვფხსტყსნ–ის გმირებს კი ეშმაკური ფანდები ახასიათებთ და ღონეც ერჩით. აი მეგობრებო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ შოთა რუსთაველი ქართველი არ იყო ან ქართული რეალობისთვის არ შეუქმნია ვფხსტყსნ.

 ჩვენთვის ახალი არ არის, რომ შოთა რუსთავ(იან)ელს და მის პოემას სომხური "ქოფივრაითი" აქვს, მაგრამ შსს კიდევ უფრო შორს წავიდა და დღეს რუსული აგენტურის კვალზეა საუბარი რუსთა–ველის შემოქმედებაში.

 მაგრამ სანამ კამათი ეროვნულ მიკუთვნებულობაზე მიმდინარეობს, სუსთველის ავტორიტეტი შესაძლოა საერთოდ გაქრეს. ასე მაგალითად, ჩემი ქართულ ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებული იაპონურის მასწავლებელი ამტკიცებს, რომ პოემა შოთამ კი არა მისმა დამ დაწერა:

 "ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისა და მისა"

 ანუ რუსთველი თამარის კარზე საკმაოდ ცნობადი "ფეისი" იყო, მისი და ჯერ მას იხსენიებს – პოემა თუ დამიწუნეს ეგებ ძმის გავლენამ მიშველოსო – იმდენად მორიდებულია თავის სახელსაც არ გვივლენს (ან იქნებ შოთამ ამოხია ეგ გვერდი და პოემაც თავად მიიწერა). და ამაში სიმართლის ნატამალი არის: ტარიელის თვალთაგან მოდენილნი ცრემლნი "მდინარესამც შეერთვიან" და სხვანი ღაპაღუპნი ცრემლისანი შესაძლოა სულაც მაია ასათიანისნაირი ქალის იდეა ყოფილიყო, ხოლო თუ იმას მეტყვით – სად ქალი და სად ამხელა სიბრძნეო? (თან განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ასათიანი ვახსენე) – დაგამშვიდებთ და გეტყვით, რუსთველის დაიკოს თითქმის მთლიანად აქვს სახარებისა და ბერძნული ფილოსოფიის "კოფი–ფასტი" გაკეთებული.

 და რახან გავარკვიეთ, რომ ვფხსტყსნ რუსული აგენტურის მიერ მოსყიდული სომეხი კაცის დაიკოს მიერაა დაწერილი, ახლა თავად პოემის კულუარებსაც გავეცნოთ.
 ავტორი რამდენჯერმე ახსენებს "მოქართულესა" და "ტკბილქართულს", "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის"–ო ამბობს შოთა და მის ლექსიკაშიც არ იკარგება ქართული ენის ლაზათი. აქვე უნებურად გახსენდება დოჩანაშვილისეული "ჩამომალაბორანტეს" და სამწუხაროდ, კომუნისტური შინსახკომიც, მაგრამ კომუნიზმის იდეა არაქართული იყო და ჯობია და ვივიწყოთ ეს ნეგატივი, როგორც გვჩვევია ხოლმე. და მაინც რა საოცარი სიტყვაა ეს "მოქართულე", აბა სად მონიდერლანდურე ან მოფილიპინებურე (ნუ მიხვდით ალბათ, მოფრანგულე არ მახსენდება :D).

 საინტერესოა სიყვარულის რუსთველისეული აღქმაც: იგი ყოველგვარ სილამაზეს ძვირფას ქვებს ადარებს – თინათინისა თუ ნესტანის თვალ–წარბი და კბილ–ღრძილი შოთასთვის მარგალიტებთან და გიშერ–იაგუნდებთან ასოცირდება. ხომ წარმოგიდგენიათ რა ხარბი და დიდებისმოყვარეა ავტორი? მისთვის სიყვარული მხოლოდ სიმდიდრესთან და ფუფუნებასთანაა გაიგივებული და გამოდის, რომ ეს გრძნობა დაბალ სოციალურ ფენებში საერთოდ არ არსებობს (შრეკისა და ფიონას ამბავს კი ვერაფერი მოვუხერხე და).

 მორალისტი შოთა გვამცნობს, რომ სიყვარული მხოლოდ "შორით ალვა, შორით დაგვა და შორით კვდომაა", მაგრამ ამ აზრში ეჭვი თავადვე ეპარება და პოემასაც ზუსტად იქ ასრულებს, სადაც პირველი(?) ღამის მომენტმა უნდა იჩინოს თავი – რამდენიმე წლის მოწყურებული ტარიელი და ნესტანი ისე ჩაეკონებოდნენ ერთმანეთს, ალბათ 3 თვე საწოლიდან ვეღარ გამოყრიდნენ – შესაბამისად შოთა აქ წყვეტს ამბავს, რადგან თავადვე ხვდება, რომ შორით ბნედა მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური აღტყინების გამომხატველია.

 აბა თქვენ ის ხომ არ დაიჯერეთ, რომ ავთანდილი მართლაც განიცდიდა ფატმან–ხათუნთან სექსსა და მიჯნურის დაღალატებას? (თანაც ცრემლიანად :დდ) ეს მხოლოდ შოთიკოს "მესიჯია" ქალებისადმი: თქვენი ქმრები კი გღალატობენ ზოგადსაკაცობრიო მიზნებისა–და–გამო, მაგრამ ნანობენ კიდეცო. ხოლო თუ ვფხსტყსნ მართლაც ქალის დაწერილია..... (მაია ასათიანიც მოგონილი იქნება ამ შემთხვევაში).

 პ.ს. და ა.შ. და ა.შ. ვფხსტყსნ–სა და ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს რა გამოლევს. თუ არ მოგეწონათ სალანძღავ კომენტს ნუ დაწერთ, ხოლო თუ მოგეწონათ კიდევ შემოდღვლიფინდით ამ ბლოგზე.

Comments

  1. ვამაყობ შენნით!

    ReplyDelete
  2. :** შენი იმედი ყოველთვის მქონდა

    ReplyDelete
  3. ვამბობდი,ვამბობ და ვიტყვი,არის ამ ბიჭში დიდი პოტენციალი.

    ReplyDelete
  4. აი არ ვიცი რა გითხრა....გენიალურია...

    ReplyDelete
  5. რა უნდა მითხრა ადექი და დაალაიქე, რამეთუ სხვასაცა ჰქონდეს ჯერი ნახვისაი ამისაი :დ

    ReplyDelete
  6. და მეგობარმან შენმან დააშეარა ტექსტი ესე შენი...

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

გმირების "ასავალ–დასავალი"

My mom is facebookly dead...:((

როგორ ატარებენ საქართველოში გამოცდებს