ხორცის ინდუსტრიული წარმოება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაულია ისტორიაში


იუვალ ნოა ჰარარი

ცხოველთა ინდუსტრიული წარმოება ჩვენი დროის ერთ-ერთი უმწვავესი ეთიკური საკითხია. მგრძნობელობის მქონე ათეულობით მილიარდი არსება, რომელთაგან თითოეულს კომპლექსური შეგრძნებები და ემოციები გააჩნია, ცხოვრობს და იხოცება საწარმოო ხაზზე.

ისტორიის ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ ცხოველები არიან. ხოლო ის, თუ როგორ ეპყრობიან ინდუსტრიულ ფერმებში მოშინაურებულ ცხოველებს, ალბათ ისტორიაში ყველაზე საშინელი დანაშაულია. კაცობრიობის პროგრესისკენ მიმავალი გზა მკვდარი ცხოველებითაა მოფენილი. ათობით ათასი წლის წინათაც კი, ჩვენი ქვის ხანის დროინდელი წინაპრები უკვე პასუხისმგებელნი იყვნენ ეკოლოგიურ კატასტროფათა მთელი წყებისთვის. დაახლოებით 45,000 წლის წინ, როდესაც პირველმა ადამიანმა მიაღწია ავსტრალიას, სწრაფადვე დაიწყო მისი დიდი ცხოველების 90%-ის გადაშენების პროცესი. ეს იყო ჰომო საპიენსის პირველი მნიშვნელოვანი ზეგავლენა პლანეტის ეკოსისტემაზე. და ეს არ იყო უკანასკნელი.

დაახლოებით 15,000 წლის წინათ, ადამიანებმა მოიცვეს ამერიკის კონტინენტი და პარალელურად მისი დიდი ძუძუმწოვრების 75% გაანადგურეს. უამრავი სხვა სახეობა გაქრა ასევე აფრიკიდან, ევრაზიიდან და მათ სანაპიროებთან ახლოს მდებარე კუნძულებიდან. ქვეყნიდან ქვეყნამდე აღმოჩენილი არქეოლოგიური მონაცემები იმეორებენ ერთსა და იმავე სამწუხარო ისტორიას. ტრაგედია იხსნება სცენით, რომელიც გვიჩვენებს დიდ ცხოველთა მრავალფეროვან პოპულაციას ჰომო საპიენსის ყოველგვარი კვალის გარეშე. მეორე სცენაში, გვევლინებიან ადამიანები, რასაც ადასტურებს გაქვავებული ძვლები, შუბის წვერი ან კოცონის ნარჩენი. ამას მალევე მოსდევს მესამე სცენა, რომელშიც ქალები და მამაკაცები იკავებენ ცენტრალურ ადგილს და დიდ ცხოველთა უმეტესობა, ბევრ სხვა პატარა ცხოველთან ერთად, უბრალოდ ქრებიან. საბოლოო ჯამში, ჰომო საპიენსმა გაწყვიტა მიწაზე მობინადრე ძუძუმწოვართა დაახლოებით 50%, სანამ იგი პირველად მოიყვანდა ხორბალს, გამოაწრთობდა მეტალის პირველ იარაღს, დაწერდა პირველ ტექსტს და მოჭრიდა პირველ მონეტას.

შემდეგი უმთავრესი ნიშნული ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობაში იყო აგრარული რევოლუცია: პროცესი, რომლის საშუალებითაც ჩვენ მომთაბარე მონადირე-შემგროვებლებიდან ვიქეცით მუდმივი საცხოვრებლის მქონე ფერმერებად. ამან მოიტანა სიცოცხლის სრულიად ახალი ფორმა დედამიწაზე: მოშინაურებული ცხოველები. თავდაპირველად, ეს მოვლენა, შესაძლოა, ნაკლებ მნიშვნელოვნი ყოფილიყო, რადგან ადამიანებმა მხოლოდ 20-მდე სახეობის ძუძუმწოვრისა და ფრინველის მოშინაურება შეძლეს, იმ ათასობით სახეობასთან შედარებით, რომლებიც „გარეულებად“ დარჩნენ. თუმცა, საუკუნეების მანძილზე სიცოცხლის ეს ახალი ფორმა ნორმად იქცა. დღესდღეობით, დიდ ცხოველთა 90% მოშინაურებულია („დიდად“ ითვლება ცხოველი, რომელიც სულ მცირე რამდენიმე კილოგრამს იწონის). ავიღოთ, მაგალითად, ქათამი. ათი ათასი წლის წინ, იგი იშვიათი ფრინველი იყო, რომელიც სამხრეთ აზიის შეზღუდულ წერტილებში გვხვდებოდა. დღეს კი, მილიარდობით ქათამია თითქმის ყველა კონტინენტსა და კუნძულზე, ანტარქტიდის გამოკლებით. მოშინაურებული ქათამი ალბათ ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფრინველია დედამიწაზე. თუ წარმატებას რიცხვებში გავზომავთ, ქათმები, ძროხები და ღორები ყველაზე წარმატებული ცხოველები არიან.

სამწუხაროდ, მოშინაურებულ ცხოველებს მათი გამორჩეული კოლექტიური წარმატება უპრეცედენტო ინდივიდუალური ტანჯვით აზღვევინეს. ცხოველთა სამყარომ უამრავი სხვადასხვა სახის ტკივილი და დამცირება განიცადა მილიონობით წლის მანძილზე. ხოლო აგროკულტურულმა რევოლუციამ ტანჯვის ახალი ფორმები წარმოქმნა, რომლებიც თაობათა ცვლის შემდგომ მხოლოდ გაუარესდა.

ერთი შეხედვით, მოშინაურებული ცხოველების ცხოვრება გაცილებით უკეთესია ვიდრე მათი ველური ნათესავებისა და წინაპრების. გარეული ხარები თავიანთ ცხოვრებას საკვების, წყლისა და თავშესაფრის ძიებაში ატარებენ და მუდამ საფრთხე ემუქრებათ ლომების, პარაზიტების, წყალდიდობებისა და გვალვების სახით. მოშინაურებულ ცხოველებს კი ადამიანები მზრუნველობენ და იცავენ. ისინი ძროხებსა და ხბოებს ამარაგებენ საკვებით, წყლით, აძლევენ თავშესაფარს, მკურნალობენ მათ დაავადებებს და იცავენ მტაცებლებისა და ბუნებრივი კატასტროფებისგან. მართალია, ძროხებისა და ხბოების უმეტესობა ადრე თუ გვიან ცხოველთა სასაკლაოზე დაასრულებს სიცოცხლეს, მაგრამ აუარესებს კი ეს მათ ბედს, გარეულ ხარებთან შედარებით? არის კი უკეთესი, გამოხრას ლომმა, ვიდრე მოკლას ადამიანმა? განა ნიანგის კბილები უფრო კეთილია, ვიდრე ლითონის დანები?

მოშინაურებული ცხოველების არსებობას განსაკუთრებულ სისასტიკეს ანიჭებს არა მხოლოდ ის თუ როგორ იხოცებიან, არამედ უფრო ის თუ როგორ ცხოვრობენ ისინი. ფერმის ცხოველთა საცხოვრებელ პირობებს ორი საპირისპირო ფაქტორი განაპირობებს: ერთი მხრივ, ადამიანებს სურთ ხორცი, რძე, კვერცხი, ტყავი, ცხოველთა გამწევი ძალა და მათით გართობა; მეორე მხრივ, ადამიანებმა უნდა იზრუნონ ფერმის ცხოველთა ხანგრძლივ შენახვასა და რეპროდუქციაზე. თეორიულად, ამან უნდა დაიცვას ცხოველები სასტიკი მოპყრობისგან. თუ ფერმერი მოწველის მის ძროხას საკვებითა და წყლით მომარაგების გარეშე, მეწველობა დაქვეითდება და ძროხა მალევე მოკვდება. სამწუხაროდ, მათ გადარჩენასა და რეპროდუქციაზე ზრუნვის პროცესშიც კი, ადამიანები სხვადასხვა გზებით აუტანელ ტანჯვას აყენებენ ფერმის ცხოველებს. პრობლემის არსი იმაშია, რომ მოშინაურებულმა ცხოველებმა მათი გარეული წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღეს ბევრი ფიზიკური, ემოციური და სოციალური მოთხოვნილება, რომელთა დაკმაყოფილებაც ფერმებში გამორიცხულია. ფერმერები მუდმივად უყურადღებოდ ტოვებენ ამ მოთხოვნილებებს და ამისათვის არავითარი ეკონომიკური საზღაურის გადახდა არ უწევთ. ისინი კეტავენ ცხოველებს პატარა გალიებში, აჭრიან რქებსა და კუდებს, აშორებენ დედებს მათ ნაშიერებს და სელექციურად ამახინჯებენ ჯიშებს. ცხოველები საშინლად იტანჯებიან და მიუხედავად ამისა, არსებობას აგრძელებენ და მრავლდებიან.

განა ეს არ ეწინააღმდეგება დარვინის ევოლუციის ძირითად პრინციპებს? ევოლუციის თეორიის თანახმად, ყველა ინსტინქტი და ლტოლვა გადარჩენისა და რეპროდუქციის სამსახურში აღმოცენდა. თუ ასეა, ფერმის ცხოველთა განგრძობადი რეპროდუქცია იმას არ ამტკიცებს, რომ მათი ყველა ნამდვილი მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია? როგორ შეიძლება, ძროხას ჰქონდეს „მოთხოვნილება“ რომელიც სულაც არაა აუცილებელი მისი გადარჩენისა და რეპროდუქციისათვის?

ნამდვილად ასეა, ყველა ინსტინქტი და ლტოლვა გადარჩენისა და რეპროდუქციის ევოლუციური წნეხისგან აღმოცენდა. თუმცა, როდესაც ეს წნეხი ქრება, ის ინსტინქტები და ლტოლვები რომლებიც ამ წნეხმა წარმოქმნა, უცბად არ იკარგება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღარ ემსახურებიან გადარჩენასა და კვლავწარმოებას, მაინც აგრძელებენ ცხოველთა პირადი გამოცდილებების გამოწრთობას. ჩვენი ეპოქის ძროხების, ძაღლებისა და ადამიანების ფიზიკური, ემოციური და სოციალური საჭიროებები ირეკლავს არა დღევანდელ გარემო პირობებს, არამედ იმ ევოლუციურ წნეხს, რომლის ქვეშაც იყვნენ მათი წინაპრები ათობით ათასი წლის წინათ. რატომ უყვართ დღეს ადამიანებს ტკბილეული ასე ძალიან? იმიტომ არა, რომ 21-ე საუკუნეში მაინცდამაინც ნაყინითა და შოკოლადით ამოვივსოთ მუცელი, რათა გადავრჩეთ. არამედ იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრები ოდესღაც გადააწყდნენ ტკბილ, მწიფე ხილს და ყველაზე გონიერი არჩევანი ის იყო, რომ რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება სწრაფად შეეჭამათ. რატომ ატარებენ ახალგაზრდები მანქანას ასე დაუდევრად, ერთვებიან ძალადობრივ გარჩევებში ან ტეხავენ კონფიდენციალურ ინტერნეტ-გვერდებს? იმიტომ რომ ემორჩილებიან უძველეს გენეტიკურ კრედოს. სამოცდაათი ათასი წლის წინ, ახალგაზრდა მონადირემ, რომელმაც მამონტის დევნისას ლამის გაწირა საკუთარი სიცოცხლე, კონკურენტები დაჩრდილა და ადგილობრივი მშვენების ხელი მოიგო - ახლა კი ჩვენ ვართ გაჭედილი მის მაჩო გენებში.

ზუსტად იგივე ევოლუციური ლოგიკა განაპირობებს ძროხებისა და ხბოების ცხოვრებას ჩვენს ინდუსტრიულ ფერმებში. უძველესი გარეული საქონელი სოციალური ცხოველების ჯგუფი იყო. გადარჩენისა და რეპროდუქციისთვის მათ ესაჭიროებოდათ კომუნიკაცია, თანამშრომლობა და ეფექტური კონკურენცია. როგორც ყველა სოციალურმა ცხოველმა, გარეულმა საქონელმაც თამაშის საშუალებით დაისწავლა საჭირო სოციალური უნარები. ლეკვებს, კნუტებს, ხბოებსა თუ ბავშვებს, ყველას უყვარს თამაში, რადგან ეს მოთხოვნილება მათში ევოლუციამ ჩანერგა. გარეულ სამყაროში მათ სჭირდებოდათ თამაში. ასე რომ არა, ვერ დაისწავლიდნენ გადარჩენისა და რეპროდუქციისთვის აუცილებელ სოციალურ უნარებს. კნუტი ან ხბო რაიმე იშვიათი მუტაციით რომ დაბადებულიყო, რომელიც მათ ინდიფერენტულს გახდიდა თამაშის მიმართ, მათი გადარჩენა და გამრავლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, ისევე როგორც საერთოდ მათი არსებობა - მათივე წინაპრებს რომ არ შეეძინათ აღნიშნული უნარები. ამის მსგავსად, ევოლუციამ ლეკვებში, კნუტებში, ხბოებსა და ადამიანებში ჩანერგა მათ მშობელ დედებთან დაახლოების დაუძლეველი სურვილი. შემთხვევითი მუტაცია, რომელიც შეასუსტებდა ამ კავშირს დედასა და ახალშობილს შორის, სასიკვდილო განაჩენი იქნებოდა.

რა ხდება ახლა, როდესაც ფერმერები აიყვანენ ახალშობილ ხბოს, მოაშორებენ თავის დედას, გამოკეტავენ პატარა გალიაში, აცრიან სხვადასხვა დაავადების მიმართ, მიაწვდიან საკვებსა და წყალს და მერე, როდესაც საკმარისად მოზრდილია, ხელოვნურად გაანაყოფიერებენ ხარის სპერმით? ობიექტური პერსპექტივიდან, ამ ხბოს გადარჩენისა და რეპროდუქციისთვის აღარ ესაჭიროება არც დედობრივი კავშირი და არც თანატოლები სათამაშოდ. მისმა პატრონმა ადამიანებმა მისი ყველა მოთხოვნილება დააკმაყოფილეს. თუმცა, პირადი პერსპექტივიდან, ხბო ჯერ კიდევ მძლავრად გრძნობს მოთხოვნილებას, დაუკავშირდეს დედას და ითამაშოს სხვა ხბოებთან ერთად. ამ მოთხოვნილებათა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ხბო საშინლად იტანჯება.

ესაა ევოლუციური ფსიქოლოგიის ძირითადი გაკვეთილი: მოთხოვნილება, რომელიც ჩამოყალიბდა ათასობით თაობის წინ, სუბიექტურად მაინც შეიგრძნობა, თუნდაც გადარჩენისა და რეპროდუქციისთვის აუცილებელი აღარ იყოს დღევანდელობაში. საუბედუროდ, აგროკულტურულმა რევოლუციამ ადამიანებს მიანიჭა ძალაუფლება, ეზრუნათ ცხოველთა გადარჩენასა და რეპროდუქციაზე და ამავდროულად უყურადღებოდ დაეტოვებინათ მათი პირადი მოთხოვნილებები. შედეგად, მოშინაურებული ცხოველები კოლექტიურად ყველაზე წარმატებული ცხოველები არიან მსოფლიოში და ინდივიდუალურად კი ყველაზე საცოდავები ყველა იმ ცხოველს შორის, რომელთაც კი აქამდე უარსებიათ.

სიტუაცია მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდა ბოლო რამდენიმე საუკუნეში, როდესაც ტრადიციული სოფლის მეურნეობა ინდუსტრიულმა წარმოებამ ჩაანაცვლა. ტრადიციულ საზოგადოებებში, როგორებიცაა უძველესი ეგვიპტე, რომის იმპერია ან შუა საუკუნეების ჩინეთი, ადამიანებს ძალიან მწირი წარმოდგენა ჰქონდათ ბიოქიმიაზე, გენეტიკაზე, ზოოლოგიასა და ეპიდემიოლოგიაზე. შედეგად, მათი მანიპულაციური შესაძლებლობები ლიმიტირებული იყო. შუა საუკუნეების სოფლებში ქათმები თავისუფლად დარბოდნენ სახლებს შორის, კენკავდნენ მარცვლეულსა და ჭიებს ნაგვის გროვებიდან, აგებდნენ ბუდეებს ბეღელში. ამბიციურ გლეხს ათასი ქათმის გამოკეტვა რომ ეცადა გადაჭედილ საქათმეში, სავარაუდოდ მომაკვდინებელი ფრინველის გრიპის ეპიდემიას გამოიწვევდა, რაც მთელ საქათმეს გაწყვეტდა და სოფლის ბევრი მოსახლეც მათ მიჰყვებოდა. ვერანაირი მღვდელი, შამანი ან სოფლის ექიმი ამას ვერ შეაჩერებდა. მაგრამ რაც თანამედროვე მეცნიერებამ გაშიფრა ფრინველთა, ვირუსთა და ანტიბიოტიკთა საიდუმლო, ადამიანებს უკვე შეუძლიათ ცხოველთა იძულება, იცხოვრონ უმძიმეს პირობებში. ვაქცინაციის, მედიკამენტების, ჰორმონების, პესტიციდების, ჰაერის კონდიცირების ცენტრალური სისტემებისა და ავტომატიზებული საკვები დანადგარების დახმარებით, ახლა უკვე შესაძლებელია ათობით ათასი ქათმის პატარა საქათმეებში შეტენვა და ხორცისა და კვერცხის უპრეცედენტოდ ხარჯთეფექტური წარმოება.

ცხოველთა ბედი ასეთ ინდუსტრიულ ნაგებობებში ჩვენი დროის ერთ-ერთ უმწვავეს ეთიკურ პრობლემად იქცა, რაც ცხადადაა გამოხატული, თუნდაც, რიცხვებში. დღესდღეობით, დიდ ცხოველთა უმეტესობა ცხოვრობს ინდუსტრიულ ფერმებში. ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი პლანეტა დასახლებულია ლომებით, სპილოებით, ვეშაპებითა და პინგვინებით. შესაძლოა ასეცაა, თუ National Geographic-ს, დისნეის ფილმებსა და საბავშვო ზღაპრებს დავუჯერებთ, მაგრამ რეალურ სამყაროში ეს უკვე აღარაა სიმართლე. მსოფლიოში 40,000 ლომია, მაგრამ ამის საპირისპიროდ გვყავს დაახლოებით ერთი მილიარდი მოშინაურებული ღორი; 500,000 სპილო და 1,5 მილიარდი მოშინაურებული ძროხა; 50 მილიონი პინგვინი და 20 მილიარდი ქათამი.

2009 წელს, ევროპაში 1,6 მილიარდი გარეული ფრინველი იყო, ყველა სახეობას ერთად აღებულს თუ ჩავთვლით. იმავე წელს, ევროპული ხორცისა და კვერცხის ინდუსტრიამ 1,9 მილიარდი ქათამი გამოზარდა. მთლიანობაში, მთელი მსოფლიოს მოშინაურებულ ცხოველთა საერთო მასა 700 მილიონი ტონაა, ადამიანებისა - 300 მილიონი ტონა და 100 მილიონ ტონაზე ნაკლები გარეული დიდი ცხოველების შემთხვევაში.

სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ არაა ფერმის ცხოველთა საკითხი მეორეხარისხოვანი. ის ეხება დედამიწის დიდ ცხოველთა უმეტესობას: ათობით მილიარდი მგრძნობელობის მქონე არსებას, რომელთაგან თითოეული შეგრძნებებისა და ემოციების კომპლექსური სამყაროთი ხასიათდება, მაგრამ ცხოვრობს და კვდება ინდუსტრიულ საწარმოო ხაზზე. ორმოცი წლის წინ, მორალის ფილოსოფოსმა პიტერ სინგერმა გამოაქვეყნა თავისი უმთავრესი წიგნი „ცხოველთა განთავისუფლება“, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ამ საკითხზე ადამიანთა აზრის შესაცვლელად. სინგერი ამბობდა, რომ ინდუსტრიული წარმოება უფრო მეტ ტკივილსა და უბედურებაზეა პასუხისმგებელი, ვიდრე ერთად აღებული ყველა ომი ისტორიის მანძილზე.

ცხოველთა სამეცნიერო კვლევამ დამთრგუნველად მძიმე როლი შეასრულა ამ ტრაგედიაში. სამეცნიერო საზოგადოებამ ცხოველთა შესახებ მზარდი ცოდნა უმეტესწილად იმისათვის გამოიყენა, რომ მათი სიცოცხლე ადამიანური ინდუსტრიის სამსახურში ემართათ. თუმცა, იგივე ცოდნამ ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურა, რომ ფერმის ცხოველები მგრძნობელობის მქონე არსებები არიან, ჩახლართული სოციალური ურთიერთობებითა და რთული ფსიქოლოგიური პატერნებით. ისინი შეიძლება ისეთივე ინტელექტის მქონენი არ არიან როგორც ჩვენ, მაგრამ ნამდვილად იციან რა არის ტკივილი, შიში და მარტოობა. მათაც შეუძლიათ დაიტანჯონ და მათაც შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები.


უკვე დროა, ეს სამეცნიერო მიგნებები გულთან მივიტანოთ, რადგან ადამიანური ძალაუფლების ზრდასთან ერთად ასევე იზრდება ჩვენი შესაძლებლობა, ვატკინოთ ან სარგებელი მოვუტანოთ სხვა ცხოველებს. 4 მილიარდი წლის მანძილზე, დედამიწაზე სიცოცხლეს ბუნებრივი გადარჩევა განაგებდა. ახლა კი მას დიდწილად ადამიანის გონიერი დიზაინი განაპირობებს. ბიოტექნოლოგია, ნანოტექნოლოგია და ხელოვნური ინტელექტი მალე ადამიანს საშუალებას მისცემს შეცვალოს ცოცხალი არსებები სრულიად ახალი ხერხებით, რაც თავად სიცოცხლის განმარტებას გადაასხვაფერებს. როდესაც ამ ახალ სამყაროს ჩამოვაყალიბებთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ მგრძნობელობის მქონე ყველა არსება და არა მხოლოდ ჰომო საპიენსი.

სტატიის ორიგინალი გამოქვეყნებულია The Guardian-ის ვებგვერდზე.
თარგმანი: თორნიკე ბაქაქური
რედაქტირება: ნინო ტურიაშვილი


Comments

  1. შეუქცევადი პროცესია, რომელიც ვეღარ შეჩერდება და იქნებ, სწორედ ესაა დედამიწის გზა, მომდევნო ეტაპი? თუნდაც, განადგურებამდე მისვლა და შემდეგ მომდევნო, ახალი სოცოცხლეების თავიდან აღმოცენება. ყველა გზა ადვილი და უმტკივნეულო არაა.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

გმირების "ასავალ–დასავალი"

My mom is facebookly dead...:((

როგორ ატარებენ საქართველოში გამოცდებს