მკრთალი თეთრი ჰერცოგის დაბრუნება - ნილ გეიმანი


 ის მონარქი იყო ყველაფრისა, რასაც მისი თვალთახედვა გადასწვდებოდა. მაშინაც კი, როცა ღამით სასახლის აივანზე გამოსული მსახურთა ჩანაწერებს ისმენდა, მაღლა ცაში შეჰყურებდა მკვეთრად მოციმციმე ვარსკვლავთა გროვებსა თუ ხვეულებს. იგი სამყაროთა მბრძანებელი იყო. დიდი ხანი ეცადა, ბრძნულად ემართა, კარგი მონარქი ყოფილიყო, მაგრამ ძნელია იყო მბრძანებელი და თან სიბრძნესაც ტკივილი მოაქვს. როგორც მან აღმოაჩინა, თუ მმართველი ხარ, ძნელია მხოლოდ კეთილი საქმე აკეთო, შეუძლებელია ააშენო თუ სხვა რაიმეს არ დაანგრევ და ამავე დროს ვერ იზრუნებ ყველა სიცოცხლეზე, ყველა ოცნებაზე, ყოველი სამყაროს ხალხზე.
ნელ-ნელა, ერთი მომენტიდან მეორემდე, ერთის სიკვდილიდან სხვა სიკვდილამდე, მას უკვე აღარ ედარდებოდა.
ის არ კვდებოდა. მხოლოდ ქვემდგომები კვდებოდნენ და იგი არავის არ ექვემდებარებოდა.
დრო გავიდა. ერთ დღეს, ციხის ღრმა საპყრობილეში სახედასისიხლიანებულმა კაცმა ჰერცოგს ახედა და უთხრა, რომ ის მონსტრად ქცეულიყო. კაცმა წამში დალია სული, - აღნიშნულია ისტორიის წიგნში.
მომდევნო დღეების მანძილზე ამაზე გამუდმებით ფიქრობდა ჰერცოგი და ბოლოს თავის დაქნევით თქვა, „მოღალატე მართალი იყო, მე მონსტრად ვიქეცი. ჰმ, ნეტავ რომელიმე ადამიანს თუ სურს და იღვწის, რომ მონსტრად გადაიქცეს?“
ერთხელ, დიდი ხნის წინათ, არსებობდნენ შეყვარებულები, თუმცა მხოლოდ საჰერცოგოს ისტორიის გარიჟრაჟზე. ახლა, როცა სამყაროს დაისი დადგა, როცა ყოველგვარი სიამოვნების მიღება უფასოდ შეიძლება (მაგრამ რასაც ძალისხმევის გარეშე ვიღებთ, ვერც ვაფასებთ) და მემკვიდრეობის საკითხიც არ დგას (იმის გაფიქრებაც კი, რომ საჰერცოგო ოდესმე სხვის ხელში გადავიდოდა, უკვე ღვთისმგმობელობად ითვლებოდა), აღარც შეყვარებულები არსებობენ გამოწვევების მსგავსად.
გახელილი თვალებისა და საუბრისას მოძრავი ტუჩების მიუხედავად, ეგონა ეძინა და ვერაფრით იღვიძებდა.
იმ დღის შემდეგ, რაც ჰერცოგმა შეიტყო, რომ ახლა უკვე მონსტრი იყო, უცნაური ყვავილობის დღე მოდიოდა, რომელსაც სხვადასხვა სამყაროებიდან მოტანილი ყვავილების ჩამოტარებით აღნიშნავდნენ სასახლეში. ამ დღეს, მთელ კონტინენტზე გდაჭიმულ სასახლეს ტრადიციული მხიარულება მოიცავდა, მისი მკვიდრნი უკუაგდებდნენ საზრუნავსა და უგუნებობას, მაგრამ ჰერცოგი არ იყო ბედნიერი.
 „როგორ შეიძლება თქვენი გაბედნიერება?“ ჰკითხა მის მხარზე დასკუპებულმა ინფო-ხოჭომ, რომელიც მზად იყო გაევრცელებინა თავისი ბატონის კაპრიზები და ვნებები ასეულობით სხვა სამყაროში. „თქვენ მხოლოდ ბრძანეთ, თქვენო უდიდებულესობავ და იმპერიები აღსდგებიან და დაეცემიან თქვენი ერთი გაღიმებისთვის. ვარსკვლავები დაიფერფლებიან თქვენს გასართობად“.
 „იქნებ გული მჭირდება,“ თქვა ჰერცოგმა.
 „ასეულობით გულს ამოვაცლი, დავჭრი, დავგლეჯ ან სხვა ნებისმიერი ხერხით ამოვკვეთ კაცობრიობის ათი ათას საუკეთესო შთამომავალს,” თქვა ინფო-ხოჭომ. „როგორ გნებავთ, რომ მოგიმზადოთ? მეფიტულეთუხუცესი გამოვიძახო? ქირურგები ან სკულპტორები?“
 „რაიმეზე უნდა ვიდარდო,“ თქვა ჰერცოგმა. „უნდა დავაფასო ცხოვრება. უნდა გამოვიღვიძო“.
ხოჭომ გაიჟღარუნა და წაიჟღურტულა მის მხარზე;  მას შეეძლო ათი ათასი სამყაროს სიბრძნე დაეტია საკუთარ თავში, მაგრამ ამგვარ ხასიათზე დამდგარ ბატონს ვერაფერს ურჩევდა და გაჩუმდა. ჰერცოგის გასაჭირი ხოჭომ მის წინამორბედებს გადასცა. ძველ ინფორმანტ ხოჭოებსა და სკარაბებს, რომელთაც ახლა დამშვენებულ ყუთებში ეძინათ ასეულობით სამყაროში. სკარაბები სიბრალულით ბჭობდნენ ერთმანეთში, რადგან უამრავი დროის მანძილზე მსგავსი რამ უკვე მომხდარიყო და მომზადებულებიც იყვნენ მასთან გასამკლავებლად.
სასახლეში დიდი ხნის წინათ მივიწყებული სამყაროთა განთიადის დროინდელი განაწესი ამოქმედდა. ჰერცოგი უცნაური ყვავილობის ბოლო რიტუალს ასრულებდა უმეტყველო სახით. და მაშინ როცა უყურებდა მთელ სამყაროს, მაგრამ იგი არაფრად უღირდა, ყვავილებში ჩამალული პატარა ფრთოსანი არსება ზედაპირზე ამოცოცდა.
 „თქვენო უდიდებულესობავ,“ უთხრა არსებამ. „ჩემს ქალბატონს სჭირდებით. გთხოვთ. მისი ერთადერთი იმედი ხართ.“
 „შენს ქალბატონს?“ ჰკითხა ჰერცოგმა.
 „არსება მიღმიერი სამყაროდანაა“, აღნიშნა ინფო-ხოჭომ. „ერთ-ერთი იმ ტერიტორიიდან, რომელიც არ აღიარებს ჰერცოგის ყოვლისმომცველ მბრძანებლობას. ადგილიდან რომელიც სიკვდილისა და სიცოცხლის მიღმაა, ყოფნასა და არყოფნას შორის. სხვა სამყაროდან იმპორტირებულ ორქიდეას ყვავილში უნდა ყოფილიყო დამალული. მისი სიტყვები მახეა, ხაფანგია. უმჯობესია, გავანადგურო.“
 „არა“, თქვა ჰერცოგმა, „აცადე“. და გააკეთა ის, რაც უკვე მრავალი წელია აღარ გაუკეთებია, - ხოჭოს თავისი წვრილი თეთრი თითი ჰკრა. ხოჭო გაისუსა და მწვანე თვალები ჩაუბნელდა.
ჰერცოგმა არსება ხელში მოიქცია და თავისი სამყოფელისკენ გაეშურა. იგი უყვებოდა მისი დედოფლის სიბრძნესა და კეთილშობილებაზე და კიდევ გიგანტებზე, რომლებიც ერთმანეთზე ლამაზები იყვნენ, უფრო დიდები და მონსტრებივით საშიშები და რომლებსაც მისი დედოფალი დატყვევებული ჰყავდათ.
მისი ლაპარაკისას ჰერცოგს გაახსენდა, რომ ოდესღაც ვარსკვლავებიდან ერთი ყმაწვილი ეწვია სამყაროს იღბალის საძიებლად (იმ დროს იღბალი ყველგან იყო, იცდიდა სანამ ვინმე მიაგნებდა) და ამასობაში აღმოაჩინა, რომ მისი ახალგაზრდობაც არ განსხვავდებოდა დიდად. მისი ინფო-ხოჭო უმოძრაოდ ესვენა მხარზე.
 „რატომ გამოგგზავნა ჩემთან?“ ჰკითხა პატარა არსებას. მაგრამ რა წამს არსებამ დაკისრებული საქმე შეასრულა, სიტყვა აღარ დაუძრავს და მომენტალურად გაქრა. ისე სწრაფად და დაუყოვნებლად გაუჩინარდა, როგორც ჰერცოგის ბრძანებით ჩამქრალი ვარსკვლავი.
მან საკუთარ სამყოფელში შეაბიჯა და დეაქტივირებული ხოჭო თავის ყუთში მოათავსა საწოლის გვერდით. მერე კი მოახლეებს გრძელი შავი ყუთი მოატანინა, რომელიც თავად გახსნა და ერთი შეხებით გაააქტიურა მისი უზენაესი მრჩეველი. ის შეირხა, მხრებზე გველივით ააცოცდა ჰერცოგს და მისი კუდი კისრის ნერვულ დაბოლოებას მიუერთა.
ჰერცოგმა გველისებურ არსებას მოახსენა საკუთარი განზრახვა.
 „ეგ ბრძნული არ იქნება“, თქვა მომხდარის მომენტალური გაანალიზების შემდგომ უზენაესმა მრჩეველმა, რომელიც ყველა წინა ჰერცოგის მეხსიერებისა და ინტელექტის მატარებელი იყო.
 „მე თავგადასავალს ვეძებ და არა სიბრძნეს“, უპასუხა ჰერცოგმა. ბაგეების ნაპირებთან მკრთალი ღიმილი აუთამაშდა, რაც მის მსახურებს კარგა ხანია აღარ ენახათ.
 „მაშ, თუ ნებას არ მოიშლით, საბრძოლო ცხენი წაიყვანეთ,“ თქვა მრჩეველმა. ეს კარგი დარიგება იყო. ჰერცოგმა მისი უზენაესი მრჩევლის დეაქტივირება მოახდინა და მსახურს უბრძანა საბრძოლო ცხენების თავლის გასაღები მოენახა. ათასწლეულის მანძილზე უმოქმედო გასაღების სიმები დამტვრიანებული იყო.
ოდესღაც ექვსი საბრძოლო ცხენი იყო, საღამოს თითოეული ლორდისა და ლედისთვის. ისინი იყვნენ ბრწყინვალენი, ლამაზები, შეუჩერებელნი. და როდესაც ჰერცოგი იძულებული გახდა ღამეულ მბრძანებელთა კარიერა დაესამარებინა, მან უარი თქვა საბრძოლო ცხენების განადგურებაზე. ამის მაგიერ, მან ცხენები ისეთ ადგილზე გადაიყვანა, სადაც დანარჩენ სამყაროს არანაირ საფრთხეს არ უქადდნენ.


ჰერცოგმა გასაღები მოიმარჯვა და არპეჯიო დაუკრა. კარიბჭე გაიხსნა და მელანივით, კუპრივით, ნახშირივით შავი საბრძოლო ცხენი ცბიერი მოხდენილობით, მედიდურად გამობრძანდა გარეთ. თავი მაღლა შემართა და ამაყი თვალებით გადახედა სამყაროს.
 „სად მივდივართ?“ იკითხა ცხენმა. „რას უნდა შევებრძოლოთ?“
 „საზღვრებს მიღმა მივემართებით“, თქვა ჰერცოგმა. „და ის თუ ვის უნდა შევებრძოლოთ... მაგას ვნახავთ.“
 „ნებისმიერ ადგილას მიგიყვან“, თქვა საბრძოლო ცხენმა. „ყველას დავხოცავ, ვინც რაიმეს დაგიშავებს“.
ჰერცოგი ცხენის ზურგზე აცოცდა, - ცივი მეტალი მის ბარძაყებს შორის გატყავებული ხორცივით იყო, - და წინ გასწია.
ერთი ნახტომი და ცხენი უკვე ცისქვეშეთის ღრუბლებსა და დინებებს შორის მიიჩქაროდა: ისინი სამყაროთა შორის დანავარდობდნენ. ჰერცოგი იცინოდა, თუმცა იქ, არავინ იყო ამის მოსასმენად. კოსმოსისა და დროის მიღმა, სადაც პიროვნების ცხოვრებას არცერთი წამი არ აკლდება.
 „ეს რაღაც ხაფანგს ჰგავს,“ თქვა საბრძოლო ცხენმა, როცა გალაქტიკებს შორის სივრცე მათ გარშემო აორთქლდა.
 „კი“, თქვა ჰერცოგა. „ნამდვილად ასეა“.
 „მსმენია ამ დედოფალზე,“ თქვა ცხენმა, „ან მის მსგავსზე. ის სიცოცხლისა და სიკვდილის გზაგასაყარზე ცხოვრობს, მებრძოლებისა და გმირებისთვის, პოეტებისა და მეოცნებეებისთვის განაჩენი გამოაქვს.“
 „როგორც ჩანს, ასეა“, უპასუხა ჰერცოგმა.
 „და როდესაც ნამდვილ კოსმოსს დავუბრუნდებით, ალბათ თავს დაგვესხმიან“, თქვა ცხენმა.
 „ეგეთი პირი უჩანს“, თქვა ჰერცოგმა, როცა დანიშნულების ადგილს მიაღწიეს და კოსმოსის მიღმიდან რეალურ არსებობას დაუბრუნდნენ.
სასახლის მცველები ისეთივე ლამაზები და სასტიკები იყვნენ, როგორც შიკრიკმა მოახსენა, - და თანაც მათ ელოდნენ.
 „რას აკეთებთ?“ დაიძახეს მათ, როცა შეტევისთვის მოუახლოვდნენ. „იცით, რომ უცხოებს აქ შემოსვლის უფლება არა აქვთ? დარჩით ჩვენთან, საშუალება მოგვეცით, რომ შეგიყვაროთ და ჩვენი სიყვარულით ბოლოს მოგიღებთ.“
 „აქ თქვენი დედოფლის სახსნელად მოვედი“, უპასუხა ჰერცოგმა.
 „დედოფლის სახსნელად?“ გაიცინეს მათ. „სანამ ზედ შემოგხედავს, შენი თავი უკვე მის თეფშზე იქნება. ბევრი მოსულა მის გადასარჩენად წლების მანძილზე. მათი თავები სასახლის ოქროს თეფშებზეა დაწყობილი. შენი თავი უბრალოდ ახალთახალი იქნება.“
იქ იყვნენ მამაკაცები, რომლებიც ციდან ჩამოცვენილ ანგელოზებს ჰგავდნენ და ქალები, რომლებიც მიწიდან აღმდგარი დემონებივით იყვნენ. ეს ხალხი იმდენად ლამაზი იყო, რომ ჰერცოგი მხოლოდ მათაც იმყოფინებდა ამ სამყაროში, ადამიანები რომ ყოფილიყვნენ. თავისთან ახლოს მიიზიდავდა, კანითა და ხორცით პირდაპირ ჯავშანზე, რათა მათ ეგრძნოთ ჰერცოგის სიცივე, ხოლო ჰერცოგს მათი სითბო.


 „დარჩი ჩვენთან. ნება მოგვეცი, შეგიყვაროთ“, ჩურჩულებდნენ ისინი და უახლოვდებოდნენ ბასრი ბრჭყალებითა და კბილებით.
 „არა მგონია, თქვენი სიყვარული სასიკეთოდ წამადგეს,“ უპასუხა ჰერცოგმა. ერთმა ქალმა, ლამაზი თმითა და მკრთალი ლურჯი თვალებით, დიდი ხნის წინ დავიწყებული ვინმე მოაგონა, - საყვარელი, რომელიც შორეულ წარსულში გარდაიცვალა. ქალის სახელი გაიხსენა, ხმამაღლა გასძახა გონებაში, რომ ენახა თუ შემობრუნდებოდა, თუ იცნობდა მას, მაგრამ საბრძოლო ცხენმა წიხლი ჰკრა ბასრი ბრჭყალებით და ქალმა სამუდამოდ დახუჭა მისი მკრთალი ლურჯი თვალები.
საბრძოლო ცხენი ავაზასავით სწრაფად მოძრაობდა. ყველა მცველი მიწაზე დაცემული, დაკრუნჩხული და დადუმებული იყო.
ჰერცოგი დედოფლის სასახლის წინ იდგა. ცხენის ზურგიდან ჩამოქვეითდა.
 „აქედან მარტო წავალ,“ თქვა მან. „მოიცადე და ერთ დღესაც დავბრუნდები“.
„არა მგონია, ოდესმე დაბრუნდე,“ თქვა საბრძოლო ცხენმა. „იქამდე მოვიცდი, სანამ თავად დრო მორჩება. მაგრამ მაინც ვშიშობ, რომ არ დაბრუნდები.“
ჰერცოგი ცხენის თავზე დადგმულ შავ აბჯარს ეამბორა და გამოემშვიდობა. მერე კი დედოფლის გადასარჩენად გაემართა. მას გაახსენდა მონსტრი, რომელიც სამყაროთა მმართველი იყო და არასოდეს მოკვდებოდა და გაეღიმა, რადგან იმ კაცს აღარ წარმოადგენდა. ახალგაზრდობიდან მოყოლებული ახლა უკვე პირველად მას რაღაც დასაკარგი ჰქონდა და ამის გააზრებამ იგი ისევ ახალგაზრდად აქცია. მკერდში გული აუძგერდა ცარიელ სასახლეში შესვლისთანავე და ხმამაღლა გადაიხარხარა.
დედოფალი ელოდებოდა იქ, სადაც ყვავილები იხოცებოდნენ. იგი ზუსტად ისეთი იყო, როგორც ჰერცოგს წარმოედგინა. კაბა იყო უბრალო, თეთრი, მისი ყვრიმალები გამოკვეთილი და მუქი, თმა გრძელი და ყვავის ფრთასავით შავი.
 „აქ შენს გადასარჩენად მოვედი,“ შეჰკადრა ჰერცოგმა.
 „აქ საკუთარი თავის გადასარჩენად მოხვედი,“ შეუსწორა მან. ქალის ხმა ჩურჩულივით ისმოდა, თითქოს ნიავი მკვდარ ყვავილებს არხევდა.
ჰერცოგმა თავი დახარა, თუმცა კი ერთი სიმაღლისანი იყვნენ.
 „სამი შეკითხვა,“ წაიჩურჩულა ქალმა. „თუ მათ სწორად უპასუხებ, ყველა სურვილი შეგისრულდება. თუ ჩაფლავდები, შენი თავი ოქროს სინზე დასვენდება სამუდამოდ.“ მისი კანი მკვდარი ვარდის ფურცელივით ყავისფერი იყო. თვალები კი ქარვასავით მუქი ოქროსფერი.
 „დასვი შენი სამი შეკითხვა,“ თქვა ჰერცოგმა მოჩვენებითი თავდაჯერებულობით.
დედოფალმა თითი გაიშვირა და ჰერცოგს ლოყაზე ნაზად გადაუსვა. ჰერცოგს აღარ ახსოვდა, ბოლოს ვინ შეეხო მისი ნებართვის გარეშე.
 „რა არის სამყაროზე დიდი?“ იკითხა ქალმა.
 „ის, რაც სივრცისა და დროის მიღმაა,“ უპასუხა ჰერცოგმა. „რადგან ეს მოიცავს სამყაროსაც და ყველაფერ დანარჩენსაც, რაც მის მიღმაა. თუმცა შენ ალბათ უფრო პოეტურ, ნაკლებად ზუსტ პასუხს ითხოვ. მაშინ ეს გონებაა, რადგან მას შეუძლია დაიტიოს სამყარო და ამავე დროს წარმოიდგინოს ის, რაც არასოდეს არსებულა და არც არსებობს.“
დედოფალი დუმდა.
 „სიმართლეა? ტყუილია?“ იკითხა ჰერცოგმა და მისი უზენაესი მრჩეველის გველისებური ჩურჩული ინატრა, რომელიც ნერვული ჩამრთველით გამოფხიზლდებოდა წლების მანძილზე თავისი მრჩევლების დაგროვილ სიბრძნესთან ერთად. ამ მომენტში საინფორმაციო ხოჭოს ტიტინიც კი სანატრელი ჰქონდა.
 „მეორე შეკითხვა,“ განაგრძო დედოფალმა. „რა არის მეფეზე დიდებული?“
 „რაღა თქმა უნდა, ჰერცოგი,“ თქვა მან. „ყველა მეფე, პაპი, კანცლერი თუ იმპერატორი ხომ მე მემორჩილება. თუმცა ისევ და ისევ, შენ ეძებ პასუხს, რომელიც ნაკლებ ზუსტი და უფრო წარმოსახვითია. მეფეზე დიდებული ისევ გონებაა. ან ჰერცოგი. რადგან, მიუხედავად იმისა, რომ არავის ვემორჩილები, არიან ისეთებიც, რომლებიც წარმოიდგენენ სამყაროს, სადაც ჩემზე აღმატებული რამეც არსებობს, მასზე კიდევ უფრო აღმატებული და ა.შ. არა! მოიცადე! მე მაქვს პასუხი. ეს დიდებული ხიდან, კეთერიდანაა, - გვირგვინი, მონარქიის იდეაა თავად უფრო დიდი ვიდრე მეფე.“
დედოფალმა ჰერცოგს შეხედა თავისი ქარვის თვალებით და თქვა, „საბოლოო შეკითხვა შენთვის. რას ვეღარ წაიღებ უკან?“
 „ჩემს სიტყვას,“ თქვა ჰერცოგმა. „თუმცა, ახლა მაფიქრდება, რომ ბრძანების გაცემის შემდეგ ზოგჯერ გარემოებანი იცვლება, თავად სამყაროებიც კი იცვლებიან საუბედუროდ თუ მოულოდნელად. დრო და დრო, თუ ამის საჭიროებაა, ჩემი სიტყვები უნდა შეიცვალოს რელობასთან თანხვედრისთვის. ვიტყოდი, რომ ეს სიკვდილია, მაგრამ რეალურად, თუ ვინმე დამჭირდა, ვისგანაც უკვე თავი მქონდა დაღწეული, მასაც ადვილად აღვადგენ...“
დედოფალი ვეღარ ითმენდა.
 „კოცნა“, თქვა ჰერცოგმა.
ქალმა თავი დაუქნია.
 „იმედი ჯერ კიდევ არსებობს,“ თქვა დედოფალმა. „შენ გჯერა, რომ ჩემი ხსნის უკანასკნელი იმედი ხარ, მაგრამ სინამდვილეში, მე ვარ იგივე შენთვის. შენი ყველა პასუხი არასწორია, თუმცა ბოლო მათგანი არ იყო იმდენად მცდარი, როგორც დანარჩენები.“
ჰერცოგი დაფიქრდა ამ ქალისთვის საკუთარი თავის დაკარგვაზე და სამომავლო შედეგით არც ისე შეწუხებულა, როგორც მოელოდა.
ქარი უბერავდა მკვდარი ყვავილების ბაღიდან და ჰერცოგს სურნელოვანი აჩრდილები მოაგონდა.
 „გინდა პასუხი იცოდე?“ ჰკითხა ქალმა.
 „პასუხები,“ თქვა მან. „რა თქმა უნდა“.
 „ერთადერთი პასუხი: გული,“ თქვა დედოფალმა. „გული სამყაროზე დიდია, რადგან ნებისმიერი რამისადმი შეიძლება გააჩნდეს სიბრალული, ხოლო თავად სამყარო ვერ გრძნობს სიბრალულს. გული მეფეზე დიდებულია, რადგან მან იცის, რას წარმოადგენს მეფე და მაინც უყვარს იგი. და როგორც კი გასცემ გულს, მას უკან ვეღარ დაიბრუნებ.“
 „მე კოცნა ვთქვი,“ უპასუხა ჰერცოგმა.
 „ეგ არ იყო ისეთივე მცდარი, როგორც დანარჩენი პასუხები,“ აღნიშნა ქალმა. ქარმა უფრო მძლავრად და მგზნებარედ დაუბერა და გულისცემასთან ერთად ჰაერი მკვდარ ყვავილთა ფურცლებით აივსო. შემდეგ ქარი ისევე უეცრად ჩადგა, როგორც ამოვარდა და ყვავილის ფურცლები იატაკზე ჩამოცვივდა.
 „ასე რომ, პირველივე დავალებაში შევცდი. თუმცა მეეჭვება, ჩემი თავი კარგად გამოიყურებოდეს ოქროს თეფშზე,“ თქვა ჰერცოგმა. „ან ნებისმიერ ჭურჭელზე. მომეცი დავალება, ამოცანა, რისი მიღწევაც შეიძლება, რომ გაჩვენო თუ რას წარმოვადგენ. ნება მომეცი გიხსნა ამ ადგილისგან.“
 „ჩემი გადარჩენა არასოდეს ყოფილა საჭირო,“ თქვა დედოფალმა. „შენმა მრჩეველებმა, ხოჭოებმა და პროგრამებმა შენთან საქმე დაასრულეს. აქ გამოგგზავნეს, როგორც შენი წინამორბედები, დიდი ხნის წინათ, რადგან უკეთესია შენივე სურვილით გაქრე, ვიდრე მათ ძილში მოგკლან. ეს ნაკლებ საშიშია.“ მისი ხელი კაცის ხელს ჩასჭიდა, „წამოდი,“ თქვა მან. გამხმარი ყვავილების ბაღი დატოვეს. ჩაუარეს სინათლის შადრევნებს, რომლებიც შორს სიცარიელეში ასხივებდნენ სინათლეს. ჩაუარეს სიმღერის ციტადელსაც, სადაც დიდებული ხმები გაისმოდა ყველა კუთხეში, - წუხილითა და გალობით, ღიღინითა და ექოს მიცემით, თუმცა კი არავინ იყო, რომ ემღერა.
ციტადელის მიღმა მხოლოდ ნისლი იყო.
 „მოვედით’, თქვა ქალმა. „ჩვენ ვართ ყველაფრის აღსასრული, სადაც არაფერი არსებობს, მაგრამ ჩვენ ვქმნით ნებაყოფლობითა და სასოწარკვეთილებით. აქ, ამ ადგილზე, მე თავისუფლად საუბარი შემიძლია. ახლა მხოლოდ ჩვენ ვართ.“ მან კაცის თვალებს ჩახედა. „არაა საჭირო, რომ მოკვდე. შეგიძლია ჩემთან დარჩე. ბოლოს და ბოლოს იპოვი ბედნიერებას, გულსა და არსებობის აზრს. და მე შენ მეყვარები.“
ჰერცოგმა მას დაბნეული სიბრაზის უეცარი გაელვებით ახედა. „მინდოდა, რომ მედარდა. მინდოდა, რამეზე მეზრუნა. გული მინდოდა.“
 „და უკვე მოგეცა, რასაც ითხოვდი. თუმცა შეუძლებელია იყო მათი მონარქი და გქონდეს ეს ყველაფერი. უკან დაბრუნება არ შეგიძლია.“
 „მე... მე ვითხოვე, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო,“ თქვა ჰერცოგმა. აღარ ბრაზობდა. ამ ადგილის ნაპირებზე მკრთალი ნისლი იყო მომდგარი და ჰერცოგს თვალებს სტკენდა თუ დიდხანს მიაჩერდებოდა.
მიწა შექანდა, თითქოს ზედ გიგანტი აბიჯებდა.
 „აქ რაიმე მაინც არის მართალი?“ ჰკითხა ჰერცოგმა. „არის რამე მუდმივი?“
 „ყველაფერი მართალია“, თქვა დედოფალმა. „გიგანტი მოდის და მოგკლავს თუ მანამდე თავად არ დაამარცხებ“.
 „მერამდენედ ხდება ეს უკვე?“ ჰკითხა ჰერცოგმა. „რამდენი თავის ქალა დაახვავე ოქროს ჭურჭლებში?“
 „არცერთი თავი არ დადებულა ოქროს თეფშზე“, უპასუხა ქალმა. „იმისათვის არა ვარ დაპროგრამებული, რომ ისინი დავხოცო. თავად იბრძვიან ჩემთვის, მომიპოვებენ და რჩებიან ჩემთან, სანამ საბოლოოდ არ დახუჭავენ თვალებს. ისინი კმაყოფილნი არიან აქ ყოფნით, ან მე ვხდი მათ კმაყოფილს. მაგრამ შენ... შენ გინდა, რომ შეინარჩუნო შენი უკმაყოფილება, ასე არაა?“
ჰერცოგი შეყოვნდა, შემდეგ თავი დააქნია.
ქალმა ხელები მოხვია მას და აკოცა, ფრთხილად და ნაზად. ერთხელ გაცემული კოცნა უკან ვეღარ დაბრუნდებოდა.
 „და ახლა მე გიგანტი უნდა დავამარცხო და შენ გიხსნა?“
 „ასე უნდა მოხდეს“.
მან ქალს შეხედა. მერე საკუთარ თავს დახედა, მის გრავირებულ აბჯარს, იარაღებს. „მე ლაჩარი არ ვარ. არასოდეს გავქცეულვარ ბრძოლიდან. ვერ დავბრუნდები, მაგრამ იმითაც არ დავკმაყოფილდები, რომ აქ დავრჩე შენთან ერთად. ასე რომ, დავრჩები აქ და გიგანტს თავს მოვაკვლევინებ.“
ქალი აღელვებული იყო. „დარჩი ჩემთან. დარჩი.“


ჰერცოგმა უკან გაიხედა, უფერულ სივრცეში. „რა არის იქ?“ იკითხა მან. „რა არის ნისლის მიღმა?“
 „უნდა გაიქცე?“ ჰკითხა ქალმა. „უნდა დამტოვო?“
 „გავივლი,“ თქვა მან. „კი არ გავიქცევი, გავივლი პირდაპირ. მე გული მინდოდა. რა არის ნისლის მეორე მხარეს?“
ქალმა თავი გააქნია. „ნისლის მიღმა მალკუთია: სამეფო. მაგრამ ის არ არსებობს, სანამ ამას შენ არ ისურვებ. რეალობად მაშინ იქცევა, როგორც კი თავად შექმნი. თუ გაბედავ ნისლში გავლას, ახალ სამყაროს ააშენებ ან საერთოდ შეწყვეტ არსებობას. და შენ ამის გაკეთება შეგიძლია. არ ვიცი რა მოხდება, გარდა ამისა: თუ ზურგს მაქცევ, ვეღარ დაბრუნდები.“
მძიმე გუგუნი მოისმა, მაგრამ დარწმუნებული აღარ იყო, რომ ეს გიგანტის ფეხის ხმა იყო. ეს უფრო ცემას, მისი გულის ცემას ჰგავდა.
ნისლიკენ შეტრიალდა, სანამ გადაიფიქრებდა და ცივსა და წებოვან სიცარიელეში შეაბიჯა. ყოველ მომდევნო ნაბიჯზე გრძნობდა, რომ რაღაც აკლდებოდა. მისი ნეირონები იხოცებოდნენ და ახალ ინფორმაციას აღარ აწვდიდნენ, სანამ საბოლოოდ საკუთარი სახელი და სტატუსიც არ დაკარგა.
არ იცოდა, ადგილს ეძებდა თუ თავად ქმნიდა მას. მაგრამ ახსოვდა მუქი კანი და ქალის ქარვისფერი თვალები. ახსოვდა ვარკსვლავები - იქ, სადაც იგი მიდიოდა, ვარსკვლავები უნდა ყოფილიყო, ასე გადაწყვიტა.
მან ფეხს აუჩქარა. ახსოვდა, რომ ოდესღაც აბჯარს ატარებდა, მაგრამ ახლა ტენიანი ნისლი აწვებოდა სახესა და კისერზე. თხელ ქურთუკში ცივი ღამის ჰაერი ატანდა და აკანკალებდა.
წაფართხალდა, მისი ფეხი ტროტუარის პირს მოხვდა.
მერე წელში გაიმართა და ნისლში ბუნდოვან ქუჩის სანათურებს მიაჩერდა. მანქანამ ახლოს ჩაუქროლა, ძალიან ახლოს. წითელი სინათლეები მანქანის ჩავლისთანავე გაუჩინარდა. ბინდში მეწამული ლაქები დარჩა.
ჩემი ძველი მამული, გაიფიქრა მან და მომენტალურად დაიბნა ბექენჰემის გამო, რაც ნებისმიერ ძველ მოგონებას მოყვებოდა. აქ ახლახანს გადმოვიდა. ეს ადგილი საწყის წერტილად უნდა აეღო. საიდანაც გაიქცეოდა. განა ასე არაა?
მაგრამ გაქცევის იდეა (ლორდისა, ჰერცოგისა, ფიქრობდა და ალბათ სასიამოვნოდ ჟღერდა ეს მის თავში) გადაეფარა და დარჩა მის გონებაში, სიმღერის დასაწყისივით.
 „რაღაც სიმღერის დაწერა უფრო მირჩევნია, ვიდრე სამყაროს მბრძანებელი ვიყო,“ თქვა ხმამაღლა, თითქოს პირში სიტყვები მოსინჯა. გიტარის ჩასადები კედელს მიაყრდნო, შალის ქურთუკში ხელი ჩაიყო, ფანქრის ნატეხსა და იაფფასიან რვეულს მიაგნო და სიტყვები ჩაიწერა. იმედოვნებდა, რომ მალე მიაგნებდა რაიმე ორმარცვლიან სიტყვას.
მერე პაბში შეაბიჯა და თბილმა, ლუდით გაჟღენთილმა ატმოსფერომ შეაგულიანა. ხმადაბალ ფუსფუსსა და ბუზღუნში ვიღაცამ მისი სახელი გასძახა. მან თავისი მკრთალი ხელი დაუქნია საპასუხოდ, მაჯის საათსა და მერე კიბეებზე მიანიშნა. სიგარეტის კვამლის გამო ჰაერი ღია ლურჯად ბზინავდა. მან დაახველა, ერთხელ, მძიმედ მკერდში და სიგარეტი მოითხოვა.
მაღლა კიბეზე, გაცრეცილ წითელი ფარდაგზე იდგა, ხელში იარაღივით მომარჯვებული გიტარის ყუთით. თავში რაც უტრიალებდა იქამდე გაუქრა, სანამ ჰაი სტრიტზე გადაუხვევდა. ბნელ კორიდორში შეჩერდა პაბის ზემო სართულის ოთახის კარის გაღებამდე. მოლაპარაკეთა ზუზუნმა და ჭიქების წკარუნმა მიახვედრა, რომ იქ უკვე ბლომად იყო ხალხი, ელოდნენ და მუშაობდნენ. ვიღაცამ გიტარა მომართა.
მონსტრი? გაიფიქრა ახალგაზრდა კაცმა. ორმარცვლიანია.

სიტყვა რამდენჯერმე დაატრიალა თავში, სანამ არ გადაწყვიტა, რომ შეეძლო ეპოვნა რაიმე უკეთესი, უფრო დიდი, რაც უფრო შეეფერებოდა იმ სამყაროს, რომლის დაპყრობასაც აპირებდა, - და წამიერი სინანულის შემდეგ თავიდან ამოიგდო და ოთახში შეაბიჯა.


 ეძღვნება დევიდ ბოუის - ნილ გეიმანისგან.
 ილუსტრაციები - იოშიტაკა ამანო

"I never met David Bowie. After a while it almost became a game: I only had one hero left, and it was him. The nearest I came to it was meaning to send him a copy of Trigger Warning, with this story in it, and an apologetic note.."
1976 წელს გამოვიდა ბოუის ალბომი Station to station, სწორედ აქედან მოდის მისი პერსონა - ჰერცოგი (Duke). აღნიშნული პერსონა უკავშირდება ასევე ამავე წლის ფილმს The man who fell on Earth, სადაც ბოუი მთავარ როლს ასრულებს.

 თარგმანი - თორნიკე ბაქაქური

Comments

Popular posts from this blog

გმირების "ასავალ–დასავალი"

My mom is facebookly dead...:((

როგორ ატარებენ საქართველოში გამოცდებს