"სალესიანა" კინოს სახლში
ცნობილი ბრაზილიელი რეჟისორი - ვალტერ სალესი, დაიბადა 1956 წელს ბანკირების ოჯახში. ვალტერმა სამხრეთ კალიფორნიის კინოხელოვნების სკოლა დაამთავრა და კარიერა ბრაზილიაში დაიწყო, დღეს კი უკვე ჰოლივუდში მოღვაწეობს. 2012 წელს გადაიღო
ბოლო ფილმი
- "გზაზე", რომელშიც მთავარ როლებს კრისტენ სტიუარტი, კირსტენ დანსტი, ვიგო მორტენსენი და სხვა ცნობილი მსახიობები ასრულებენ. კანის კინოფესტივალზე ფილმმა უკვე მიიღო ოქროს პალმის რტო.
გასულ კვირას კინოს სახლში "სალესიანა" მოეწყო, პროექტი ბრაზილიის საელჩომ დააფინანსა. აჩვენეს ხუთი ფილმი - ორიგინალში, ინგლისური სუბტიტრებით. დარბაზი სავსე იყო. საქართველო შეიძლება ითქვას, არაა განებივრებული არაჰოლივუდური ფილმებით, ჩვენი არხებმა ყელში ამოგვიყვანეს ბლოკბასტერები, რომლებსაც დაზეპირებამდე გვიმეორებენ, ეს კვირეული კი რაღაც ახალი ფანჯარა იყო. ბრაზილური ფილმებიდან მხოლოდ ერთი-ორი მქონდა ნანახი, მათ შორის "ღმერთის ქალაქი", სალესი კი სრულიად გამაოგნებელი აღმოჩნდა, იმდენად რომ კვირის ბოლოს კინაღამ პორტუგალიურის სწავლა დავიწყე.
ორშაბათი "ცენტრალური სადგურით" დაიწყო - ყოფილი მასწავლებელი დორა სადგურზე ჩამოსული მგზავრებისთვის წერილებს წერს და ფულს ამით შოულობს, მაგრამ წერილების დიდი ნაწილი სულაც არ მიდის ადრესატამდე, დორა მათ მეზობელთან ერთად კითხულობს, ჭორაობს, ერთობა შემდეგ ხევს და სანაგვეში მოისვრის, მაგრამ გამოჩნდება 9 წლის ბიჭი - ჟოზე, რომელიც დიდი ხნის უნახავ მამას სწერს, დედამისი ავარიაში იღუპება, იგი მარტო რჩება ველურ სამყაროში, დორას კი, რომელმაც უამრავი შეცდომა დაუშვა ცხოვრებაში, ეძლევა საშუალება სწორი ნაბიჯი გადადგას... დორა ჟოზეს "ახალ ტელევიზორზე ცვლის", მაგრამ მეორე დღესვე ხვდება რაც ჩაიდინა და ბიჭთან ერთად მოგზაურობას იწყებს მამის საპოვნელად.
მსახიობები გენიალურად თამაშობენ, არანაკლებია ბრაზილიური ფერადოვნებაც, პიროვნებები და მათი ხასიათები პორტრეტულ დონეზე იხატება. ადამიანის ფსიქოლოგიური შრეები მთელ ფილმშია გაშლილი და მეორეხარისხოვანი როლებიც იმდენად საინტერესოა, რომ მოწყენილობისა და ბანალურობის განცდა ოდნავადაც კი არ გეუფლება. ფილმი წარდგენილი იყო ოსკარის ორ ნომინაციაზე, მოიპოვა ოქროს გლობუსი და ოქროს დათვი.
შემდეგი დღეები "მოტოციკლისტის დღიურებით", "გასავლელი ხაზით", "უცხო მიწითა" და "დამსხვრეული აპრილით" გაგრძელდა. "მოტოციკლისტის დღიურები" ერნესტო ჩე გევარას ახალგაზრდობაზე მოგვითხრობს, რომელიც მეგობართა ერთად ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოგზაურობს, სიუჟეტი ერნესტოსა და ალბერტო გრანდოსის ჩანაწერებსა და დღიურებს ეფუძნება, ფილმმა კანის ფესტივალზე მიიღო ეკუმენური ჟიურის პრიზი, მოიპოვა ასევე ოსკარი საუკეთესო მუსიკისათვის.
ვალტერ სალესი ნამდვილად გამორჩეული რეჟისორია თავისი ორიგინალური, ინდივიდუალური ხედვით. 2003 წელს "Guardian"-მა იგი 40 საუკეთესო რეჟისორის სიაში შეიყვანა. ვალტერის ფილმებში შეიძლება ითქვას, მთავარი როლის შემსრულებელი არის "გზა", რომელიც ცვლილებას გულისხმობს. ფილმში "The Motorcycle Diaries" ახალგაზრდა ერნესტო ამბობს -"რაც უფრო მაღლა მივიწევთ, მით უფრო იცვლება სამყარო... თუ ჩვენ შევიცვალეთ..." სალესს ტრაგიკული მოტივები არ შორდება, რაც გარდაუვალია ცხოვრების გზაზე, ადამიანები სხვადასხვა მიმართულებებს ირჩევენ გზაჯვარედინზე და სალესიც დაუზარებლად მიყვება მათ ბედს, ჩვენ კი ჩაფიქრებულები ვტოვებთ კინოდარბაზს და რაღა თქმა უნდა ველით ახალ ისტორიებს...

behind the sun momecona da central do brasil isedac klasikaa :)
ReplyDeleteმაინცდამაინც მაგას ვერ დავესწარი უნივერსიტეტის გადამკიდე, აუცილებლად ვნახავ :დ
Delete