ყველა სტუდენტი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია!
![]() |
| "ცხოველთა ფერმა" - ჯ.ორუელი |
საქართველო პრობლემების ქვეყანაა, ნებისმიერი პროფესიისა თუ სოციალური სტატუსის, ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს შეუძლია გეწუწუნოთ თავიანთ პრობლემებზე და მათ ინდივიდუალურ ცხოვრებისეულ სიძნელეებს რომ თავი დავანებოთ, საბოლოოდ მაინც იქამდე მივდივართ, რომ ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ადამიანის უფლებების განსაზღვრა და სათანადოდ დაცვაა ქცეული ერთ დიდ დილემად, არადა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან უკვე 20 წელზე მეტია გასული. როდესაც სტუდენტურ ან რომელიმე სპეციფიკური სოციალური ჯგუფის პრობლემებზე ვიწყებთ საუბარს, მტანჯველი თუ ტანჯული ორივე ერთად ჩაერთვება ხოლმე დისკუსიაში, მართავენ კონფერენციებს, იწვევენ აქაურ თუ უცხოელ ექსპერტებს, მერე ეს დისკუსიები ქართული სუფრასავით ბოლოვდება ხოლმე - ყველამ გააცნობიერა პრობლემის არსი, იმსჯელეს და დაასკვნეს, რომ აუცილებელია მათი გადაჭრა და მთელი ეს მასა მზადაა ურთიერთდახმარებისთვის, აი აქ კი ისმევა დიდი წერტილი სტაგნაციისა და მთელი ეს ლაპარაკი ისევ ლაპარაკად რჩება...
ის რომ საქართველოში ზოგადად სტუდენტობას უჭირს (არა მხოლოდ მატერიალურად) და საგანმანათლებლო სფეროში უამრავი პრობლემაა (ასევე არა მხოლოდ მატერიალური), არ ნიშნავს, რომ ცალკეული სტუდენტური ჯგუფების შესახებ არ უნდა ვიმსჯელოთ და მათი პრობლემების გადაჭრაზე ჯერ არ უნდა ვიზრუნოთ. განსაკუთრებით გამოკვეთილია უცხოელი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველი სტუდენტები და ის სიძნელეები, რომელთაც ისინი უმაღლესი განათლების მიღებისას ხვდებიან.
ტელევიზიით, გაზეთებით თუ სხვა მედია საშუალებებით ხშირად გვიყვებიან უცხოელ სტუდენტთა მზარდ ნაკადზე, რომლებიც ქართული დიპლომის ასაღებად შორეული ქვეყნებიდან ჩამოდიან, შემდეგ იღებენ ინტერვიუებს და ვიგებთ, რომ თურმე აღფრთოვანებულნი არიან მწვადით, ხინკალ-ხაჭაპურებით და ქართული ღვინით, მაგრამ რატომღაც იმაზე აღარ სვამენ კითხვებს, თუ რა უჭირთ ყველაზე მეტად, როგორ ეგუებიან ახალ გარემოს და ა.შ. ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ, ამის დასამოწმებლად ხალხურ გამოთქმასაც ვიშველიებთ ხოლმე - "სტუმარი ღვთისაა", მაგრამ რატომღაც ღმერთი ყველა სტუმარს არ წყალობს ან ყველა პოტენციური სტუმარი ვერ ახერხებს სტუმრის სტატუსის მიღებას. ალბათ სწორედ ამით აიხსნება, რომ უცხოელი სტუდენტების დაახლოებით 50% აშკარა ქსენოფობიურ თუ რასისტულ დამოკიდებულებას გრძნობს ქართველი თანატოლების მხრიდან. ეს ახალგაზრდები "სულ გადავგვარდით" და "ამერიკის რელსებზე შევჯექით" თურმე, არადა უცხოელებთან ურთიერთობა და მათი სრულფასოვან პიროვნებებად აღიარება როგორც ჩანს პრობლემაა (განსაკუთრებით კონკრეტული ერებისა და რასის შემთხვევაში).
არანაკლებ სიძნელეებს ხვდებიან ამ მხრივ საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც, რისი უმთავრესი მიზეზიც ჩემი აზრით მშობლების მიერ ტრადიციულ შეხედულებებად ქცეული უსაფუძვლო სტერეოტიპების მორევში შვილების ჩანთქმა უნდა იყოს. საქართველოში მცხოვრები სომხები თუ აზერბაიჯანელები უმაღლესი განათლების მისაღებად ხშირად ამავე ქვეყნებში მიდიან, რადგან ქართული ენა არ იციან, ვერ აბარებენ გამოცდებს, ჩაბარების შემთხვევაში კი ვერ ძლევენ უნივერსიტეტის პროგრამებს. ამ მხრივ მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, პროგრამა "1+4" უცხოელ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს საშუალებას აძლევს უნივერსიტეტში ჩაბარების 1-ელ წელს ქართულ ენას დაეუფლონ (რომლის სტანდარტი და სწავლების ეფექტური პროგრამა მაინც დიდ დამუშავებას საჭიროებს), ხოლო შემდეგი 4 წლის განმავლობაში - არჩეულ პროფესიას. ამ თემას ახლა უკვე სკოლის პერიოდიდან ექცევა ყურადღება, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება არაქართული ოჯახების გადაწყვეტილება თავიანთი შვილი მაინც და მაინც რუსულენოვან სკოლებში ატარონ, რასაც წლების შემდგომ ენობრივ დისკრიმინაციაზე წუწუნი მოსდევს. ეს ფაქტები იმაზე მეტყველებენ, რომ ქართულ საზოგადოებაში ურთიერთნდობისა და ადამიანის უფლებების აღქმის დონე დაბალია და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა პრეზიდენტის მეუღლის სატელევიზიო გადაცემა ტოლერანტობის შესახებ ხალხმა შეურაცხყოფად მიიღო, "ტორელანტობას" ჩვენ როგორ გვასწავლიანო...
მძიმე საკითხია ასევე სოციალურად დაუცველებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმაღლესი განათლების პრობლემები საქართველოში. დღეს ათასობით სტუდენტს შეჩერებული აქვს სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სოციალურად დაუცველები ელემენტარული საცხოვრებელი პირობების დაკმაყოფილებას ითხოვენ, როგორც ჩანს აქციები და შიშველი ფაქტები არაა საკმარისი სახელმწიფოსთვის თუ პრემიერ-მინისტრისთვის, რომელიც თავს იმით იმართლებს, რომ თუ 1-2 სოციალურად დაუცველს დაეხმარება, ხვალ სხვა ხალხიც მოაწყდება მის კარიბჭეს. მართალია უმაღლესი განათლების სფეროში ამ სტატუსის მქონეთათვის გარკვეული შეღავათები არსებობს, მაგრამ თავად სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი 70 000 (ან ნაკლები) ქულა დღემდე მითიურ თუ მისტიურ რიცხვად რჩება კიდევ ათასობით სტუდენტისთვისაც.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთა მდგომარეობა ქართულ უნივერსიტეტებში შეიძლება ითქვას ანეკდოტურია, მათ შესახებ არ იციან როგორც ჩვეულებრივმა სტუდენტებმა, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ შშმ სტუდენტები იშვიათად თუ ახერხებენ ლექცია-სემინარებზე დასწრებას. პრობლემის მოსაგვარებელ ფინანსურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, რომელიც უნივერსიტეტისა და სახელმწიფო უწყების მხრიდან პანდუსების დაყენებასა და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას გულისხმობს (და რაზეც არც ერთი ზრუნავს და არც მეორე), ძირფესვიანად შესაცვლელია საზოგადოების დამოკიდებულებაც, რომელიც შშმ პირების მიმართ ზღვარგადასული სიბრალულის გამოხატვას გულისხმობს მათი პრობლემების სრული იგნორირების ფონზე. გერმანიაში ასეთ საკითხებზე მუშაობა ევალება სახელმწიფო ორგანოებს, საფრანგეთში კი სპეციალური ხელმისაწვდომობის ფონდია შექმნილი და შშმ სტუდენტების სრულფასოვანი ინტერგრაცია თავად უნივერსიტეტებს ევალებათ, რაშიც ასევე სტუდენტური თვითმმართველობებიც აქტიურად არიან ჩართული, საქართველოში კი ასეთი სტუდენტების აღრიცხვაც კი არ ხდება, ალბათ იმიტომ რომ ჩვენ შეზღუდულ შესაძლებლობებს "არ ვცნობთ"...
"ყველა სტუდენტი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია" - ეს ორუელისეული პერიფრაზი სამწუხაროდ ზედმეტად კარგად გამოხატავს დღევანდელ მდგომარეობას. ქართულ განათლების სისტემაში უამრავი პრობლემაა, მაგრამ მათ ნაკლებობას არც ჩვენი სამოქალაქო ინტელექტი განიცდის. დროა გავაცნობიეროთ, რომ ამოცანის საუკეთესო გადაწყვეტა მის არაცნობიერში დამარხვას არ ნიშნავს, ყველა ადამიანს აქვს განათლების მიღების უფლება, როგორც მრწმასის, სიტყვის თავისუფლების, არჩევანისა თუ სიცოცხლის უფლება.
P.S. პოსტი შექმნილია ორგანიზაცია ESN Tbilisi ISU-ს პროექტის - “Education Is Your Right!”-ის კონკურსის ფარგლებში. ორგანიზაციის ბოლო კვლევა სწორედ ზემოთ აღწერილ ფოკუს-ჯგუფებს ეხებოდა. იმედია მათ აქტიურ მოღვაწეობას როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ისე სახელმწიფო უწყებებიც შეუერთდებიან და აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზები მალევე დაისახება.
ავტორი: თორნიკე ბაქაქური

Comments
Post a Comment