სტალკერი - გეზი ცენტრისკენ
კინოს სიყვარულში გამოუცდელ ადამიანს შეიძლება ნერვებმა უმტყუვნოს და ფილმი გადაახვიოს ან თუ დარბაზში ზის, ადგეს და იქაურობა დატოვოს, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ ხვდები, რომ ის რაც აქამდე არამეტყველი გეგონა, ახლა საოცრად მეტყველია. თანამედროვე ქართული კინოსგან განსხვავებით აქ ადამიანის სახეები გველაპარაკებიან, ამიტომ ახლო პლანიც გამართლებულია და თუ ყურებისას ფიქრსაც დაიწყებ, სწრაფი ადაპტაციაც გარანტირებულია.
ფილმი Sci-fi-ს ჟანრს განეკუთვნება, დღევანდელი ფანტასტიკებისგან განსხვავებით სწრაფი დინამიურობით არ გამოირჩევა, არც უცხოპლანეტელების დამაინტრიგებელი სილუეტებით განგაცვიფრებთ, მაგრამ "ზონის" შექმნის ამბავი, რომელსაც სახელმწიფო იცავს და რომელიც დიდ საიდუმლოებებს მალავს, ნამდვილად დაგაინტერესებთ. მთავარი კი ფიქრის საღერღელის აშლა და ფილოსოფიური "წიაღსვლებია", რომლითაც განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს ხოლმე ეს ჟანრი.
უახლოეს წარსულში მომხდარმა კატასტროფამ მთავარ გმირს ბევრი რამ წაართვა, შვილი რადიაციამ დაუმახინჯა, ცხოვრება უკიდურესად გართულდა. ოთახები და ზოგადად ფილმის გარემო იმდენად ცარიელია, რომ შენში სიცივისა და სიცარიელის განცდას იწვევს, მაშინვე გრძნობ რა მდგომარეობაა "სტალკერის ხანაში". სტალკერი ფულს იმით შოულობს, რომ მსურველები "ზონაში" გადაჰყავს სასიცოცხლო რისკის ფასად და მათ სანუკვარი სურვილების ასრულებას ჰპირდება. ფილმში სამი განსხვავებული ტიპი ხვდება ერთმანეთს - პროფესორი მეცნიერული რწმენით, სტალკერი ზემეცნიერული რწმენით და ურწმუნო მწერალი. პროფესორი ახალი აღმოჩენებისკენ ისწრაფვის, მწერალი კი ახალი შთაგონებისკენ, რათა 100 წლის შემდეგ მისი წიგნები ისევ იკითხოს ხალხმა. როგორც კი გმირები "ზონაში" შედიან, ფილმი ფერადი ხდება, რაც უთუოდ სტალკერის აღქმას უკავშირდება - იგი ხომ ბედნიერი მხოლოდ იმიტომაა, რომ "ზონა" არსებობს, მზოლოდ ის სძენს ინტერესს არსებობას, მხოლოდ აქაა აბსოლუტური სიჩუმე, რომელიც დანარჩენი სამყაროს აბსურდული ხმაურისგან დაცულია, აქ მას შეუძლია იყოს მეფე, ყველაფრის მბრძანებელი, როგორც რობინზონ კრუზო პარასკევას გამოჩენამდე. სტალკერს სჯერა ზონის ძალის, იმის, რომ იგი ფიქრობს და გარკვეული ტაქტიკებით მოქმედებს, რომ მასში არის 1 გამორჩეული ოთახი, რომელიც ყოველგვარ სურვილს აასრულებს, ამ ადგილს შეუძლია გაგაბედნიეროს, ერთი სიტყვით მას აქვს რწმენა, რომელიც შეურყეველია და არცაა გასაკვირი - თუ იქ ცხოვრობ, სადაც ფიზიკის კანონები არ მოქმედებენ, სადაც შენ გარდა არავინაა და ირგვლივ სიჩუმეა, შექმნი კიდეც საკუთარ რწმენას, რომელსაც ვერავინ შეეხება და მას აბსოლუტური ხასიათი ექნება.
"ზონა" ერთგვარი სასტარტო წერტილია, მასში მოხვედრისას ყველაფერი ფერადდება, მათ შორის ბუნება და გვახსენებს, რომ ის რაც მნიშვნელოვანია ჩვენ დავივიწყეთ წლების მატებასთან ერთად. მთავარი გმირი ყვავილების სუნს ვერ გრძნობს, ფერის მატების მიუხედავად სუნი იკარგება, რაც ადამიანს უბიძგებს ახლიდან ისწავლოს ყნოსვა, სიარული, სუნთქვა.. ერთი სიტყვით "ზონაში" ადამიანი ახლიდან იბადება, მას თავად შეუძლია ცხოვრების გზის ახლიდან არჩევა და ძველის უარყოფა, რაზეც წყალში ჩაგდებული ნემსები, ბოთლები და სხვადასხვა ნივთები მეტყველებენ, რომლებიც ძველ "სტუმრებს" დარჩათ, უფრო კი თავად დატოვეს. "ზონაში" ყველაფერი თავდაყირა დგება, როგორც მთავარი გმირი თავის მონოლოგში აღნიშნავს, სიკვდილი სწორედ მაშინ მოდის, როდესაც ვიზრდებით და ვძლიერდებით, დაბადება კი მაშინ როდესაც უსუსრნი და პატარები ვართ, ამიტომ ბედნიერება სიმდიდრეში, პირველკაცობასა და ფიზიკურ სიძლიერეში არაა, ერთი სიტყვით "ზონაში" ანტონიმები ერთმანეთს ადგილებს უცვლიან. სტალკერს სჯერა, რომ თუ "სწორად" არ მოიქეცი, ზონაში განადგურდები, აქ გარკვეული კანონები მოქმედებს, არსებობს "მთავარი ოთახი", რომელიც "ზონის" ცენტრია და ა.შ. მაგრამ რწმენა დიდი ხნის გამოცდილების მიუხედავად აშკარად ინდივიდუალურ, სუბიექტურ ხედვასთანაცაა შეზავებული, მას ცოლის რწმენაშიც ეჭვი შეაქვს. ფინალისკენ მსვლელობა სწორედ მეუღლის ცრემლებსა და სიტყვებს უკავშირდება რომელიც ამბობს, რომ ბედნიერება უბედურებით ფასდება, მას მხოლოდ დიდი გასაჭირის დროს აქვს ფასი, როგორც ლაო-ძი იტყოდა - დღემ მხოლოდ მაშინ მიიღო თავისი სახელი, როდესაც დაღამდა...
პროფესორი უკიდურესი რეალისტია, ის ხომ ფიზიკოსია, მწერალს კი არსებული რეალობისაც არ სჯერა, დანარჩენებისგან ის უფრო მეტ აბსტრაქტულ აზროვნებას ითხოვს, მისთვის წესები, კანონები და საზღვრები არ არსებობს. ორივეს ბედნიერების წყურვილი აერთიანებთ და "ოთახისკენ" მიისწრაფვიან, მაგრამ ბოლო ნაბიჯზე ტელეფონი ხვდებათ, რომელიც "ზონის" სამყაროში ჩაფლულებს მათ ძველ ცხოვრებას შეახსენებს და ისინი წყალგამყოფის წინაშე აღმოჩნდებიან. სტალკერი მათ ეუბნება, რომ ოთახი ყველაზე სანუკვარ და გულწრფელ სურვილს აასრულებს, მაგრამ როცა გმირები საკუთარ თავს უღმავდებიან და ყველა პრობლემას აცნობიერებენ, ხვდებიან, რომ თავადაც არ იციან, რა უნდა ჩაუთქვან, უფრო მეტიც, ხვდებიან რომ ის რაც აწუხებდათ უკვე არ არსებობს, პროფესორი გადაიფიქრებს ოთახის აფეთქებას, რადგან აცნობიერებს, რომ მატერიასთან კი არა იდეასთან აქვს საქმე, მწერალიც გადაიფიქრებს ოთახში შესვლას, მთავარი აზრი ხომ ცენტრამდე სვლაში იყო და არა ცენტრში დგომაში, სტალკერი თავიდანვე ხვდებოდა ამას, მისთვის ბედნიერებას ის წარმოადგენდა, რომ იცოდა, სად და როგორ შეიძლებოდა მისი პოვნა...
დასასრულს ხვდები, რასაც ნიშნავს - "კარგი ფილმი" და იმასაც, რომ ალბათ კიდევ დაგჭირდება მისი ნახვა.



გენიალურზე გენიალური ფილმი!
ReplyDelete