დეფიციტი


 ყოველ დილას საძილე რეგულატორი 7 საათსა და 17 წუთზე მაღვიძებს. ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ სამსახური 8 საათზე მეწყება და დარჩენილი 43 წუთი ზედმიწევნით მაქვს გაწერილი. ამ დროში უნდა მოვასწრო შხაპის მიღება, კბილების გამოხეხვა, ჩაცმა, ყავის მოდუღება (ყავა და დილის გაზეთი საუკეთესო კომბინაციაა დღის დასაწყებად), საინფორმაციო გამოშვების ყურება სამზარეულოს ტელე-ეკრანზე, ენთუზიასტიკური და მამოტივირებელი სახის კუნთების ვარჯიში სარკის წინ, რომელიც სახლიდან გამოსასვლელ კარზეა ჩამოკიდებული, ბოლოს კი 5 წუთს ვიტოვებ სამსახურში მისასვლელად, რომელიც აქვე ქუჩის ბოლოშია.
 სანამ ქუჩის ბოლოში ჩავალ 3 სახლის გავლა მიწევს - ერთი მისტერ ჩადლისაა, მეორე მისტერ გოლზუორთის, მესამე კი - მისტერ მიურეის ეკუთვნის. მიურეი წყნარი და მშრომელი კაცია, სახეზე მუდამ საოცარი სიმშვიდე აფენია, სახლში დამზადებულ გადამუშავებული ხორცის პროდუქტებს უბნის მაღაზიებში აბარებს და ასე ირჩენს თავს. ვერ ვიტყვი ამავეს დანარჩენ ორზე, ჩადლისა და გოლზუორთის სახლებიდან მუდამ ხმაური გამოდის. მისტერ ჩადლი გადამდგარი გენერალია, მას წოდებით აღარავინ მიმართავს. 80 წლის კვალობაზე ჯერ კიდევ ენერგიულად გამოიყურება და სავარაუდოდ სექსუალურად აქტიურ ცხოვრებასაც ეწევა, რამდენადაც ხშირად სტუმრობენ ახალგაზრდა მოკლეკაბიანი გოგოები, უმეტესად მეძავები. ჩადლის სახეც არაა შფოთვით აღსავსე, მხოლოდ შუბლი აქვს ოდნავ შეკრული, როგორც ჩანს სამხედრო გამოცდილებას დიდი დაღი არ დაუსვამს, უბრალოდ წოდების დაკარგვითაა ნაწყენი. მეძავებს კარს მუდამ თავად უღებს, ღიმილით ეგებება, თუმცა მოგვიანებით სახლიდან ხმაური გამოდის, რომელშიც ადვილი გასარჩევია ჭურჭლის დალეწვის, კარებზე ბრახუნის, ქალის განწირული კივილის ხმები. ეს კივილი უკანასკნელი ამოოხვრით მთავრდება, რასაც ჩადლის გაყინული ჩაცინება მოსდევს.
 საღამოთი სამსახურიდან დაბრუნებისას ხშირად შემიმჩნევია, როგორ აბარებს ვისკის სუნად აყროლებული ჩადლი მისტერ გოლზუორთს ბრეზენტის დიდ პარკში გახვეულ ტვირთს, ის ფულის დასტას იძლევა სანაცვლოდ. ჩადლი ჩემკენ ბრუნდება, ვესალმებით, მშვიდობიან საღამოს მისურვებს. უცნაურია, რატომღაც ეს უცნობი მუდამ კეთილგწნყობილი იყო ჩემს მიმართ, თუმცა ძველმოდური კაცია, მის ახალგაზრდობაში ადამიანები ხომ ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ, გვერდით მცხოვრებს კი მეზობელს უწოდებდნენ და ყველა მეზობელთან ახლო ურთიერთობის დამყარებას ცდილობდნენ. რას ინახავს ბრეზენტის ტომრებში, რა თქმა უნდა, ძნელი გამოსაცნობი არ არის, მაგრამ მე მხოლოდ ვაკვირდები მოვლენებს და არ ვერევი სხვის საქმეში, თავის სახლში მისტერ ჩადლია ხელმწიფე, ჩემს სახლში კი - მე.
 ჩადლსა და მიურეის შორის მისტერ გოლზუორთი ცხოვრობს. იგი ცნობილი ქირურგი იყო, დიდი ხანია ამ საქმიანობას შეეშვა და ახლა მთელ დროს საყვარელ ბაღჩას უთმობს, რომელიც ნაირნაირი ყვავილებითაა სავსე. ეზოს მხარეს გაშენებული ბაღი მართალია ფერადია, მაგრამ მაინც შეამჩნევთ მის საყვარელ ფერს - წითელს, რომლითაც ვარდის ბუჩქებია აღაჟღაჟებული და რომლის სუნიც ქუჩის ბოლომდე მკვეთრად იგრძნობა. აღარც ჰარდ-როკით გატაცებულ გოლზუორთს მიმართავენ, როგორც დოქტორს, თუმცა ეს მგონი დიდად არ ადარდებს ჩადლისაგან განსხვავებით. სახეზე ისე აქვს კანი გადაჭიმული, რომ ნაოჭები არ ეტყობა და როდესაც ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება, ვერასოდეს ვხვდები რა რეაქციას გამოხატავს - იღიმის თუ წყრომითაა სავსე. ხელში წითელი საღებავით დასვრილი ფუნჯი უკავია, ჭიშკრის მიღმა კარგად ჩანს თეთრი კვირტები ვარდის ბუჩქზე, როგორც ჩანს, გოლზუორთი ყვავილებს არომატიზირებული საღებავით ფერავს და ამიტომაც იგრძნობა მათი სუნი ასეთ შორ მანძილზე.
 დღეს ისევ ჩვეულებრივი დილა უნდა მქონოდა, მაგრამ როგორც კი სამსახურისკენ მიმავალმა მისტერ ჩადლის სახლი ჩამოვიტოვე, შევჩერდი და უკან დავბრუნდი, ეზოში გადავიხედე - ჩადლი ბალახში იწვა და ქვითინებდა, მერე გამახსენდა, რომ კივილის ხმა რამდენიმე დღეა არ გამოსულა მისი სახლიდან. დილემის წინაშე აღმოვჩნდი, არ მინდოდა მასთან კონტაქტში შესვლა და ჩემი მშვიდი ყოველდღიურობის დარღვევა, მეორე მხრივ, თითქოს სინდისი მქენჯნიდა, ეგებ რამე უჭირს საწყალ მოხუცს-მეთქი. ფიქრებში გართულმა უცებ რაღაც უაზრობა წამოვროშე:
- მოგესლმებით მისტერ ჩადლი, როგორ გაზრდილა თქვენს ეზოში ბალახი, გაზონსაკრეჭი ბოლოს როდის გამოიყენეთ?
 ჩადლიმ სლუკუნი შეწყვიტა და ძლივს გადმოტრიალდა ზურგზე. სახეში მიყურებს, მე კი დაბნეულად, უაზროდ ვიღიმი, ის ცხვირის ღრუში ჩაღვრილ ცრემლს ისრუტავს და ეზოში მიხმობს. მართალია არ მიკითხავს რა გჭირთ, რამე ხომ არ გაწუხებთ-მეთქი, მაგრამ ის ჩემი უაზრო რეპლიკის არსს კარგად ხვდება და გულღიად მესაუბრება, ნანაობს ახალგარდობაზე, თუ რა გვიან აღმოაჩინა თავისი რეალური ნიჭი, გულისმიერი სურვილები, ახლა კი დაბერდა და ფეხზე ძლივს დგება, ვერც დარბის და ვეღარც დამპალ კახპებს ასწავლის ჭკუას. დამწუხრებული ვუსმენ და ბოლოს რჩევას ვაძლევ, იქნებ შეგირდი გაიჩინოს, ახალგაზრდა მეგობარს ასწავლოს ეს საქმე, თავად კი სანახაობით დატკბება. ჩადლის სახე უნათდება და რამდენჯერმე მიხდის მადლობას ამ რჩევისთვის. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ჩემი თავის გამიკვირდა და მხოლოდ მას შემდეგ გავაცნობიერე საკუთარი საქციელი, როდესაც გარეთ გამოვედი.
 სამსახურისკენ მიმავალმა ისიც შევამჩნიე, რომ მისტერ გოლზუორთი თავის დილის საბაღნარო რიტუალს აღარ ატარებდა, აღარც როკის ხმა ისმოდა, მაგრამ ახლა შეჩერების დრო არ იყო, მაღაზიაში უნდა წავსულიყავი და კლიენტებს მოვმსახურებოდი. 9-ის 14 წუთი იყო, მისტერ მიურეი ალბათ უკვე წვრილად გაატარებდა ხორცს საკეპ მანქანაში, აურევდა წიწაკასთან, მწვანილთან და სხვა ინგრედიენტებთან ერთად, შეფუთავდა კოტლეტებს და მაღაზიის კართან იქნებოდა აყუდებული მშვიდი სახით. დანიშნულების ადგილზე დარცხვენილი სახით მივედი, ასე არასდროს დამიგვიანია, უკმაყოფილო კლიენტები აღშფოთებას ვერ მალავენ, ვცდილობ დავამშვიდო, მაგრამ საუბედუროდ არც მისტერ მიურეი ჩანს, იქნებ მასაც აგვიანდება. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა ვაცნობო ხალხს, რომ მიურეის გემრიელი კოტლეტები დღეს არ გვექნება.

2013. თ.ბ. 


Comments

Popular posts from this blog

გმირების "ასავალ–დასავალი"

My mom is facebookly dead...:((

როგორ ატარებენ საქართველოში გამოცდებს