PIXELS



(საარქივო ჩანაწერებიდან)

 რეტინალური ანალიზი - 12604:11:25
 სკარლეტი დიდხანს ეწინააღმდეგებოდა მაღვიძარას ხმას. ესიზმრებოდა თითქოს ომში იყო, მტრის ჯარი დოლებზე აბრახუნებდა და საყვირებს აკივლებდა. კიდევ ცოტა და გოგონა უკვე სისხლსაც დაღვრიდა. გულაჩქარებულმა წამოიწია, საბანი გვერდზე მოისროლა და ტაში შემოჰკრა. მაღვიძარას ხმა წამსვე მინავლდა, სამაგიეროდ კი მთელი სახლი მოქმედებაში მოვიდა - ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ საწოლთან გაუთოებული და ჩასაცმელად გამზადებული ახალი ტანსაცმელი იყო გადაფენილი, სამზარეულოდან კი ორცხობილისა და გარგრის ჯემის სურნელება გამოდიოდა.
 გოგო სიამოვნებით გადაეშვებოდა ძილ-ბურანში, მაგრამ გაახსენდა, რომ ოციოდე წუთში მეგობრებს უნდა შეხვედროდა კაფეში. თავს ძალა დაატანა, წამოდგა, თვალები მოიფშვნიტა და სათვალე სახეზე დაიფიქსირა. შუშებზე დღის განრიგი ჩამოიწერა. მარცხენა კუთხეში ლორას ფოტო გამოჩნდა და ხმოვანი სიგნალი ჩაირთო:
-         : შემომავალი ზარი : ლორა ბოულბი : უპასუხებთ?
-         კარგი, ჩართე. უი, ხო მართლა, სახის კორექციაც ჩართე, თორემ დაინახავს დასიებულ თვალებს და მიხვდება, რომ ახლა გავიღვიძე.
-         : რა თქმა უნდა, სკარლეტ. მზადაა. 3, 2, 1 >
-         ჰეიი, სკაი, გამოხვედი უკვე? იცოდე არ დააგვიანო, მე, ჯოი და კრისტი უკვე აქ ვართ.
-         ხო, ხო, გამოვდივარ, ცოტათი დამაგვიანდება როგორც ყოველთვის.
-         : დღეს რომელი მცენარის ექსტრაქტს ისურვებდით : მანგო, აკაცია თუ ქლიავი?
-         შშშ, ახლა არა!
-         რაა? ეს რა ხმაა? ჰეი, სკაი.
-         არაფერი, მალე გამოვალ.
-   აბა მოვდივარო?! მომისმინე, კაპუჩინოს შემდეგ პირდაპირ ლაზანიაზე გადავალთ, აღარ დაგელოდებით.
-         : დღეს რომელი მცენარის ექსტრაქტს ისურვებდით...
-         შშშ-მეთქი! ჰო, ლორა, გასაგებია. მალე მოვალ.
-      მართლაც რომ გასაგებია, ეს შენი ოთახის გაჯეტის ხმაა და სავარაუდოდ ამ წამს ადექი. უკვე ყველანაირ იმედს ვკარგავ, რომ ოდნავ მაინც შეიცვლები. კარგი, დროზე მოდი!
-         : კავშირის დასასრული : თქვენ ახლა ხედავთ ლორა ბოულბის ზუსტ ლოკაციას.
 სკარლეტმა სათვალე მოიშორა და სააბაზანოში შესვლამდე ოთახის გაჯეტი დააპაუზა. სამ წამში უკან მობრუნდა ბრაზნარევი სახით და გაჯეტი მთლიანად გამორთო.


 რეტინალური ანალიზი - 12604:12:10
 სკარლეტმა ლაზანიას მიუსწრო. ჯერ ლორას მოეხვია, მერე მისი მეუღლეები გადაკოცნა და მაგიდას მიუჯდა. ბოდიში მოიხადა და წამოწითლდა, თუმცა მიახვედრეს, რომ ეს ნამდვილად არ სჭირდებოდა. უამრავი პრობლემის მიუხედავად, სკაი მადლობელი იყო, რომ ასეთი კეთილი მეგობრები ჰყავდა. მართალია ზოგჯერ თავს აბეზრებდნენ, მაგრამ მათ გარდა სხვა არავინ იყო, რომელიც მისი სიხარულითა თუ გასაჭირით დაინტერესდებოდა.
-  მოკლედ, დილას, გასაუბრებაზე წასვლის წინ ჯოი და კრისტი მომადგნენ და მიყურებენ. მეც გაკვირვებული ვუყურებ, დებილივით და სანამ სიცილი არ დაიწყეს, ვერ მოვწვი.
-      ქვეყნის სარეკლამო სფეროს ლიდერ კომპანიაში გიწვევენ და ჩვენ არ გვეცოდინებოდა?
-      ჩემი უსაყვარლესი ქალები! მე, ჯოი მაკდუგალი, ვდებ პირობას, რომ თუ აგიყვანეს, გვირგვინს დაგადგამ და ყოველ დილა-საღამოს კარში გასვლისას ფეხქვეშ დაგეგები.
-         აი, ხომ ხედავ სკაი, სულ არა აქვთ ჩემი იმედი.
 იცინოდნენ, ხუმრობდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, სკარლეტი კი ჩუმად იჯდა და უსმენდა. ნახევრად ნამდვილი, ნახევრად ნაძალადევი ღიმილით პასუხობდა. უცებ თვალწინ შიშვლები წარმოუდგნენ, სკაი შეკრთა და თვალები დახუჭა. მაღლა აიხედა საშინლად შერცხვენილმა, სამივეს ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ გაოცებულები იმზირებოდნენ მისი მისამართით. სათვალის მარცხენა კუთხეში წითელი კვადრატი გაჩნდა, გარეთა სენსორზე თითი მიიდო, მაგრამ რეაქცია არ ყოფილა. კიდევ ერთხელ დაახამხამა თვალები და ბოდიში მოიხადა.
-         აკაცია თუ ქლიავი?
-         უკაცრავად?
-         ოთახის ექსტრაქტი.
-         უი, ჰო, გასაგებია. არა, არცერთი. არაფერი არ მინდოდა.
-         სკაი, მომისმინე, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, უფრო სწორად - გვიყვარხარ. კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ისვენებ და იმ ერთ დღესაც სახლში ატარებ. ანუ ფაქტობრივად საერთოდ არ ისვენებ, დაღლილს კი არავინ შემოგხედავს. არა, არა, შენი განსჯა არ მინდა, მაპატიე გთხოვ, უბრალოდ მართლა ვწუხვარ შენ გამო, არ მინდა, რომ სიმარტოვემ გაგაგიჟოს.
-       სიმარტოვემ? მე? კარგი რა ლორა, ვითომ არ მიცნობდე. ეგ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მოიცადე, თქვენ რა, იფიქრეთ რომ თქვენ გამო დავხუჭე თვალები? რომ თქვენი სიყვარულობანას თავი აღარ მქონდა? სათვალეზე წითელი კვადრატი გაჩნდა, ალბათ რაღაც ხარვეზია, ეს იყო და ეს.
 ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ პირიქით, სიამოვნებდა მათი ყურება, მაგრამ საპასუხოდ იჭვნეულ ღიმილს იღებდა. სახლში დაღლილი მოვიდა, ძარღვები და სახსრები ისე დაჭიმვოდა, თითქოს მთელი კვირის საქმეზე ამ ერთ დღეში ეწვალა. დაფიქრდა და ვერაფრით მოიფიქრა, მართლაც და რა აზრი ჰქონდა ამ ერთ დღიან დასვენებას. სათვალე მოიძრო, წითელ კვადრატს ისევ ხედავდა. თვალი მძლავრად დაისრისა, მაგრამ ლაქა არ გამქრალა.

 რეტინალური ანალიზი - 12605:08:35
 სკარლეტი სამსახურში გასვლას არ ჩქარობდა, შეიძლება ითქვას, არც კი აპირებდა. ოთახში საცვლების ამარა დაბორიალობდა. მერე ერთბაშად სიცივე დაეუფლა და ხალათი მოისხა. გაჯეტი ჩვეულ ტემპერატურას აჩვენებდა. კომპიუტერს მიუჯდა და საძიებო ველში სხვადასხვა სიტყვების კომბინაციებით შეეცადა სასურველი ინფორმაციისათვის მიეკვლია, მაგრამ ვერაფერს გახდა. სასოწარკვეთილმა თავი მაგიდის კიდეზე ჩამოსდო და სახის ნაკვთები აუთრთოლდა. თვალებიდან მალე ცრემლების ნიაღვარი წასკდებოდა, მაგრამ უცებ საოცრად დამამშვიდებელმა იდეამ გაუელვა გონებაში. გაეცინა. სათვალეს ხელი დაავლო.
-         : მოგესალმებით, მის სკარლეტ. რითი შემიძლია გემსახუროთ?
-         ხელოვნური ინტელექტის ცენტრს რეპორტი გაუგზავნე.
-         : რეპორტი გაგზავნილია : გთხოვთ, დაელოდოთ საპასუხო ზარს : შემომავალი ზარი - ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ცენტრი. 3, 2, 1 >
-         გამარჯობა, თქვენგან შემოსულია საჩივარი. გთხოვთ მიუთითოთ პრობლემის არსი.
-         სათვალე დაზიანდა, ოღონდ არ ვიცი რის გამო. არც წყალი და არც მძიმე დარტყმა არ უნდა იყოს მიზეზი. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ეს არაა, - მას შემდეგ, რაც სათვალეზე წითელი კვადრატები გაჩნდა, მათ რეალურადაც ვხედავ, გესმით? სათვალის ხარვეზებმა როგორც ჩანს თვალებიც დამიზიანა.
-         მის სკარლეტ, თქვენი სათვალე შემოწმებულია, მას არანაირი ხარვეზი არ აღენიშნება.
-         კი მაგრამ ჩემი პრობლემა ისაა, რომ...
-   მერწმუნეთ, სათვალე დაზიანებულიც რომ იყოს, ის ვერ გამოიწვევდა თქვენი მხედველობის შესუსტებას. ჩვენს ტექნოლოგიებს გავლილი აქვს უმაღლესი დონის შემოწმება, მათ შორის სამედიცინო სპეციალისტების მხრიდან. მსგავსი შემთხვევა არასოდეს დაფიქსირებულა. მის სკარლეტ, გირჩევთ ოფთალმოლოგს გაესინჯოთ.
-         თქვენ, თქვენ უბრალოდ ნაგვები ხართ. მეტალის დიდი ნაგავი! პრაქტიკულად ვეღარ ვხედავ, ორივე თვალზე მხედველობის არეს ხუთი-ექვსი დიდი წითელი კვადრატი ეფარება და ეს თქვენი უნიკალური და უხარვეზო ტექნოლოგიის ბრალი საერთოდ არ არის?!
-         ნახვამდის, მის.
-         : კავშირის დასასრული : თქვენ ახლა ხედავთ უახლოესი კლინიკის ოფთალმოლოგის ნომერს.
 სკაიმ სათვალე მოიხსნა და კედელს გაუქანა. მძიმედ სუნთქავდა, სხეული უცახცახებდა. ათეული წამის შემდეგ დაუზიანებელი სათვალის პანელს შეხედა, თავხედი ოპერატორის რჩევა გაახსენდა და ჭკუაშიც დაუჯდა.

 რეტინალური ანალიზი - 12605:19:00
 კლინიკიდან ტაქსით დაბრუნდა. ახლა ნაცნობ გარემოში იყო, მაგრამ სახლში ასასვლელად კედლებზე ხელის ცეცებით ორიენტირება მოუწია. იდენტიფიკაციის პანელზე ხელის ანაბეჭდის დაფიქსირების შემდეგ კარი გაიღო და ბინაში შევიდა. მართალია მხედველობა სრულად არ დაჰკარგვოდა, მაგრამ ერთ დროს ნათელი და მყუდრო ბინა ახლა გაუსაძლისად ცივად და ბნელად მოეჩვენა.
 „გენეტიკური ანომალია, რომელიც წამლებით ვერ განიკურნება“ - თავში უტრიალებდა ოფთალმოლოგის დიაგნოზი. კლინიკიდან გამოტანებული დამხმარე ჯოხი ქუჩაშივე მოისროლა. ახლა ბალიშებს ჩაბღაუჭებოდა, ოთახში თაფლის სუნი ტრიალებდა და სკარლეტი ბავშვობის მოგონებებს იხსენებდა. ეშინოდა, მისთვის ყველაზე თბილი და ნათელი ხატები არ ამოშლოდა მეხსიერებიდან, საბოლოოდ არ დაჰკარგვოდა ადამიანობის შეგრძნება.
 როგორც ფსიქიატრმა აუხსნა, - „პრობლემა აღქმისა და მეხსიერების შუალედური რგოლის დარღვევაშია, როდესაც აკვიატებული ეიდეტური ხატები ფართოვდება და მთელ მხედველობით არეალს ფარავს. ეს ევოლუციური გადმონაშთია, რომელიც წესით მსუბუქ ფორმებში ვლინდება და კონტროლს ექვემდებარება. სკარლეტის შემთხვევა კი უნიკალურია, რადგან მსგავსი დარღვევა ბოლოს საუკუნეების წინათ დაფიქსირდა. აღნიშნული ფენოტიპური გამოვლინება შეიძლება იშვიათი ტიპის გენეტიკურ ანომალიად მივიჩნიოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღევანდელ ზეგანვითარებულ ერაში სრულიად გამორიცხული იქნება მისი ფსიქიკური კონტროლის შესაძლებლობები.“
 სკარლეტი საშინლად გააღიზიანა ფსიქიატრის მშვიდმა ტონმა, რომელიც მისი აზრით, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, საცდელ კურდღელზე დაკვირვებით ახალი პათოლოგია აღმოეჩინა და მისთვის საკუთარი სახელი ეწოდებინა. ხოლო მისი სიტყვები ისეთივე გაუგებარი იყო, როგორც სინუსისა და კოსინუსის ცოდნის აზრი სკოლის დამთავრების შემდეგ.
 წითელი კვადრატები ახლა უკვე მხედველობის არის თითქმის ოთხ მეხუთედს ფარავდა. სკაიმ თვალები მილულა და ოცნებებში გადაეშვა. იწვა და ფიქრობდა, როგორ მოიწყობდა მისთვის იდეალურ ცხოვრებას, ვის გვერდით გაიღვიძებდა ყოველ დილას, სად იმოგზაურებდა, როგორი ჰობი ექნებოდა, გაბედავდა თუ არა მისი გარდაცვლილი მშობლების რეპლიკაციების შეკვეთას, ეყოლებოდა თუ არა თავად ოდესმე შვილი და რომელს აარჩევდა - ბიჭს თუ გოგოს.
 ოთახში ისევ თაფლის სუნი ტრიალებდა.

 რეტინალური ანალიზი - 12606:_ _:_ _
 სკარლეტი ფართხალებდა, ჰაერის უკმარისობით ნელ-ნელა იგუდებოდა. ფეხზე წამოიჭრა და როდესაც თვალების ახელა ვერ შეძლო, თითები მიიხმარა. ქუთუთოები ძლივს განაცალკევა ერთმანეთისგან. ხელზე წებოვანი ნივთიერება შერჩა. როგორც იქნა, ჰაერის ნაკადიც ჩაუვიდა ფილტვებში. რამდენადაც შეიძლო ფართოდ გაეხილა თვალები, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ წითელი იყო. მორჩა, იგი ვეღარაფერს ხედავდა.
 შიშმა და სასოწარკვეთამ მოიცვა. მართალია მორალურად ძლიერ პიროვნებად მიაჩნდა საკუთარი თავი, მაგრამ იცოდა, რომ ყველა შესაძლებლობასა თუ თვისებას თავისი საზღვარი გააჩნდა. იცოდა, რომ იგი საბოლოოდ მარტო რჩებოდა და წასკდა თვალებიდან ესოდენ სანატრელი ცრემლების ნიაღვარი, რომლებმაც მისი ოცნებებიც გადარეცხა.
 ახლაღა დააფიქსირა, რომ იგი საწოლში არ იყო. აქეთ-იქით ხელები გაიშვირა, მაგრამ ვერაფერს მიწვდა. მერე უკან დახევა დაიწყო და მისდა გასაოცრად წინ უზარმაზარი წითელი კვადრატი აღიმართა, რომლის გარშემოც სრულიად თეთრი სიცარიელე სუფევდა. სკარლეტს იმედის ნაპერწკალი გაუკრთა და ჩათვალა რომ მხედველობა უბრუნდებოდა. თუმცა ამაოდ, - როგორც კი მზერა დაბლა მიაპყრო ფეხების ან სხეულის ნებისმიერი ნაწილის დანახვის მოლოდინით, იქაც სრული სიცარიელე დახვდა. მერე გადაწყვიტა, ხელები გაესწორებინა თვალწინ, მაგრამ ხელებს უკვე ვეღარ გრძნობდა. ცოტა კიდევ დაფიქრდა და მიხვდა, რომ სხეულს საერთოდ ვერ გრძნობდა. მისგან მხოლოდ მისი აზრები, მისი გონება დარჩენილიყო ამ უკაცურ ადგილას, - მისი გონება საძულველი წითელი კვადრატის წინააღმდეგ.
-    მოგესალმებით, მის სკარლეტ. როგორც სისტემის აღმასრულებელ დირექტორს, მავალია პროტოკოლით გათვალისწინებული შეტყობინება გადმოგცეთ სისტემიდან გამოთიშვის წინ.
-         რა? რა სისტემა? ვინ ხართ?
-         დამშვიდდით, ეს სტანდარტული პროცედურაა. თქვენ ვერ დააკმაყოფილეთ სამუშაო მოთხოვნები და ვერ ჩამოყალიბდით მატრიცის სრულფასოვან ერთეულად. საბოლოო ჯამში, თქვენ გამოეთიშებით მატრიცას და გაათავისუფლებთ ადგილს მომვლის პოტენციალისთვის, რაც თავის მხრივ, მთელი სისტემის პოტენციალის გაზრდას ემსახურება.
-    მოიცადეთ, მე, მე უნდა გამოვჯანმრთელდე! ექიმმა თქვა, რომ ამის კონტროლი შესაძლებელია!
-         თქვენ გაფუჭდით, სკარლეტ.
-         არა, არა, მე მძინავს. აი, ახლა გავიღვიძებ. ცოტაც და...
-         ნახვამდის, მის.
 სკარლეტი აღშფოთებული განაგრძობდა კითხვების დასმას, ამ უცნობი ხმის ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენებას, მაგრამ გულის სიღრმეში ხვდებოდა, რომ ამას აზრი აღარ ჰქონდა. უნდოდა ეყვირა, მაგრამ ვერ ყვიროდა, უნდოდა ეტირა, მაგრამ ვერ ტიროდა და ეს იქამდე გაგრძელდა სანამ საბოლოოდ მისი გონება არ გაიყინა. ჯერ მისი სხეული გაქრა, შემდეგ მეხსიერება წაიშალა, რამაც ემოციებსაც დაუკარგა აზრი და საბოლოოდ იმ მდგომარეობამდე მივიდა, როდესაც ადამიანის თავში კითხვის ნიშანიც ქრება. საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭების შემდეგ მისი ციფრული ასლი საარქივო განყოფილებას გადაეცა.

      : ინფორმაციის ინტეგრირებული საბჭო - რეტროსპექტული ანალიზი დასრულებულია. საბჭომ ვერ მიაკვლია მატრიცის გაუმჯობესებისათვის რელევანტურ ინფორმაციას. გადაეცეს ელიმინაციის განყოფილებას საბოლოო წმენდისათვის“ :


Comments

Popular posts from this blog

გმირების "ასავალ–დასავალი"

My mom is facebookly dead...:((

როგორ ატარებენ საქართველოში გამოცდებს