ობამა კლიმატის ცვლილებაზე - პარიზის სამიტი, 2015
აშშ-ს ექს-პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გამოსვლა 2015 წლის პარიზის კლიმატის სამიტზე ::
„ - პრეზიდენტო ოლანდ, ძვირფასო ლიდერებო, ჩვენ
დღეს პარიზში შევიკრიბეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად.
ამ კვირაში დაახლოებით 200 ერი შეიკრიბა აქ,
იმ გამოწვევების გამო, რომელთაც ჩვენ ვაწყდებით, - კლიმატური ცვლილების ზრდადმა
საფრთხემ ჩვენი საუკუნის კონტურები შესაძლოა უფრო მნიშვნელოვნად შეცვალოს ვიდრე
ნებისმიერმა სხვა რამ. იმედი უნდა მოგვცეს იმან, რომ ეს არის კრიტიკული წერტილი,
ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით ჩვენი პლანეტის გადარჩენაზე,
ფაქტი, რომ ჩვენი ხალხები ხვდებიან, რამდენად გადაუდებელია ამ გამოწვევასთან
გამკლავება და იმის გათავისება, რომ ჩვენს ხელშია ძალაუფლება ამ სიტუაციის
შემოსაბრუნებლად.
ყოველ დღე იზრდება ჩვენი წარმოდგენა იმაზე თუ
როგორ ანადგურებს კლიმატს ადამიანი სხვადასხვა ხერხებით. თხუთმეტიდან თოთხმეტი
ყველაზე ცხელი წელიწადი დედამიწაზე 2000 წლის შემდეგ გამოვლინდა და 2015 წელი
ყველაზე ცხელი პერიოდი იყო მათ შორის. ამის შედეგებს ვერავინ აიცილებს თავიდან,
ვერცერთი სახელმწიფო, - დიდი თუ პატარა, მდიდარი თუ ღარიბი.
ამ ზაფხულს, მე თავად ვნახე კლიმატური ცვლილების
ეფექტები ჩვენს ყველაზე შორეულ, ჩრდილოეთ შტატში, - ალასკაზე, სადაც ზღვა უკვე
ყლაპავს სოფლებს და ნაპირების ეროზიას ახდენს; სადაც ტუნდრა იწვის; სადაც
მყინვარები დნება აქამდე არნახული სისწრაფით. და ეს გვანახებს ჩვენს შესაძლო
მომავალს - ჩვენი შვილების მომავლის მინავლებას, თუ კლიმატის ცვლილება უფრო
სწრაფად მოხდება, ვიდრე ჩვენ შესაბამისი ზომების მიღებას მოვასწრებთ. შეერთებული
ქვეყნები. მიტოვებული ქალაქები. პოლიტიკური ძვრები, რომლებიც ახალ კონფლიქტებს
წააქეზებენ. სასოწარკვეთილი ხალხის უფრო დიდი ტალღები სხვა ქვეყნების
თავშესაფრებში მოხვედრის იმედით.
ეს მომავალი არ გულისხმობს ძლიერ ეკონომიკას ან
სხვა ხელშესახებ უპირატესობას. ეს ის მომავალია, რომლის შეცვლაც ჩვენ ხელგვეწიფება.
ახლა! აქ! მაგრამ თუ ყველანი წავალთ ამაზე. როგორც ამერიკის ერთ-ერთმა
გუბერნატორმა თქვა, „ჩვენ ვართ პირველი თაობა, რომელიც იწვნევს კლიმატური
ცვლილების შედეგს და უკანასკნელი თაობა, რომელსაც შეეძლება ამას რამე უშველოს“.
აქ მოვედი პირადად, როგორც მსოფლიოს უდიდესი
ეკონომიკის და მეორე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყნის ლიდერი, რათა ვთქვა, რომ
აშშ არა მხოლოდ აღიარებს საკუთარ წვლილს ამ პრობლემის შექმნაში, არამედ გრძნობს
საკუთარ პასუხისმგებლობას მის გადასაჭრელადაც.
უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე ჩვენ
განვახორციელეთ ამბიციური ინვესტიციები სუფთა ენერგიის მიმართულებით და შევამცირეთ
ნახშირბადის გამონაბოლქვები. ქარის ენერგიის გამოყენება გავასამმაგეთ, ხოლო მზის
ენერგიისა გავაოცმაგეთ, რითაც იქმნება ამერიკის ის ნაწილები, სადაც მათი გამოყენება
უფრო იაფი ჯდება, ვიდრე არსებული, დამაბინძურებელი წყაროებისა.
ენერგო-ეფექტურობაში იმდენ ინვესტირებას ვახდენთ, რამდენის წარმოდგენაც
შესაძლებელია. უარი ვუთხარით იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მიწიდან
მაღალ-ნახშირბადული საწვავების ამოღებას მოითხოვდა და ვუთხარით დიახ - ახალ
ეროვნულ სტანდარტებს, რაც შეამცირებს დაბინძურებას.
ეს რეფორმები აწინაურებს ჩვენს ეკონომიკას და
ამცირებს ნახშირბადულ დაბინძურებას ბოლო ოცი წლის მინიმუმამდე.
მაგრამ კარგი ახალი ამბავი ისაა, რომ ეს არაა
მხოლოდ ამერიკული ტრენდი. გასულ წელს, მსოფლიო ეკონომიკა გაიზარდა მიუხედავად
იმისა, რომ საწვავიდან ნახშირბადის გამონაბოლქვის დონე იგივე დარჩა. ამის არ
დანახვა შეუძლებელია, ჩვენ დავამსხვრიეთ ძველი მითები ჩვენი უსუსურობისა და
უმოქმედობის შესახებ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძლიერი ეკონომიკური ზრდა და უფრო
უსაფრთხო გარემო აღარ მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში, მათ შეიძლება
ურთიერთთანხმობით იმუშაონ.
და ამან უნდა მოგვცეს ჩვენ იმედი. ერთ-ერთი
მტერი, რომელსაც ჩვენ ამ კონფერენციაზე შევებრძოლებით, არის ცინიზმი და მითითება
იმაზე, რომ კლიმატური ცვლილების შესაჩერებლად ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.
ჩვენმა პროგრესმა უნდა მოგვცეს იმედი ამ ორი კვირის მანძილზე, - იმედი, რომლის
ძირიც კოლექტიური მუშაობაა.
ამ თვის დასაწყისში, დუბაიში, რამდენიმე წლიანი
დაყოვნების შემდეგ, მსოფლიო შეთანხმდა ერთობლივ მუშაობაზე HFC-ს სახელით
ცნობილი ძლიერი დამაბინძურებლების წარმოებიდან ამოღებაზე. უკვე პარიზის
შეხვედრამდე, 180-ზე მეტმა ქვეყანამ, რომლებზეც მსოფლიო დაბინძურების 95% მოდის,
გაწერა კლიმატური მიზნები. ეს პროგრესია. ჩვენი მხრივ, ამერიკა დაბინძურების დონის
შესამცირებლად იმ გზას მიჰყვება, რომელიც მე დავისახე მიზნად 6 წლის წინ
კოპენჰაგენში, - ჩვენ შევამცირებთ ნახშირორჟანგის გამოყოფას 17%-მდე, როგორც ეს
2005 წლამდე იყო და ამას 2020 წლისთვის მოვახერხებთ. ამის გამო, მე გასულ წელს
ახალი მიზანი დავისახე, რომ ამერიკა შეამცირებს აირების გამოყოფას 26-28%-ით
მომავალი 10 წლის მანძილზე.
ასე რომ ჩვენი ამოცანა, აქ, პარიზში, არის ის,
რომ ეს მიღწევები ვაქციოთ განგრძობად სამუშაო ჩარჩოდ კაცობრიობის პროგრესისთვის,
არა პრობლემის დროებით გადაჭრად, არამედ გრძელვადიან სტრატეგიად უკეთესი
მომავლისთვის დაბინძურების გარეშე.
აქ, პარიზში, მოდით დავიცვათ ამბიციური
შეთანხმება, რომელიც განაგრძობს პროგრესირებას რეგულარულად განახლებადი მისაღწევი
მიზნებით, რომლებიც ჩვენ მიერაა განსაზღვრული თითოეული ერის განსხვავებული
მახასიათებლების გათვალისწინებით.
აქ, პარიზში, მოდით შევთანხმდეთ გამჭვირვალობის
ძლიერ სისტემაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აძლევს რწმენას, რომ ყველანი ვასრულებთ
დაკისრებულ ვალდებულებებს. მოდით დავრწმუნდეთ, რომ ქვეყნები, რომლებიც ვერ
ახერხებენ სრულყოფილად მიაღწიონ დაკისრებულ მიზნებს, მიიღებენ საჭირო მხარდაჭერას
ჩვენგან.
აქ, პარიზში, მოდით გავამყაროთ ჩვენი
ვალდებულება, რომ განვითარებად ქვეყნებს მივაწვდით სათანადო რესურსებს, რომ
განვითარების ბინძური ფაზა გამოტოვონ. მესმის, რომ ეს არ იქნება ადვილი. ეს საჭიროებს
ინოვაციებსა და კაპიტალს, რათა სუფთა ენერგიის ფასმა დაიწიოს. და სწორედ ამიტომ,
ამ საღამოს, გიერთდებით თქვენ, რომ გამოვაცხადოთ ისტორიული ერთობლივი მცდელობის
შესახებ, - დავაჩქაროთ საჯარო და კერძო სუფთა ენერგეტიკული ინოვაციები მსოფლიო
მასშტაბით.
აქ, პარიზში, მოდით ასევე დავრწმუნდეთ, რომ ეს
რესურსები გაემართება იმ ქვეყნებისკენ, რომელთაც ესაჭიროებათ დახმარება კლიმატური
ცვლილების შედეგებისათვის მოსამზადებლად, რასაც ჩვენ უკვე ვეღარ ავიცილებთ
თავიდან. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ერი ნაკლებადაა დამნაშავე ამ პროცესებში, მაგრამ
ყველაზე ადრე გამოცდიან კლიმატური ცვლილების დესტრუქციულ შედეგებს. ზოგიერთისთვის,
კონკრეტულად კი კუნძულოვანი ქვეყნებისთვის, რომელთა ლიდერებსაც ხვალ შევხვდები,
კლიმატური ცვლილება საფრთხეა უშუალოდ მათი არსებობისთვის. და ამის გამო დღეს, სხვე
ქვეყნების მსგავსად, ამერიკა უერთდება ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების
ფონდის შექმნას. ხვალიდან ჩვენ გვექნება ახალი შენატანი რისკებისგან დაზღვევის
ინიციატივებით, რომელიც დაეხმარება მოწყვლად მოსახლეობას სწრაფ აღმშენებლობაში
კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების შემდეგ.
და საბოლოოდ, აქ, პარიზში, მოდით ვანახოთ
ბიზნესმენებს და ინვესტორებს, რომ მსოფლიო ეკონომიკა ადგას მტკიცე გზას ნაკლები
ნახშირბადის მოხმარების მომავლისკენ. თუ ერთად მოვუყრით თავს სწორ წესებსა და
ინცენტივებს, ჩვენ გამოვათავისუფლებთ ჩვენი საუკეთესო მეცნიერებისა და ინჟინრების
კრეატიულ ძალას, რომ შეიქმნას სუფთა ენერგიის ტექნოლოგიები და მათთან ერთად ახალი
სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს ასეულობით
მილიარდი დოლარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მიიღებენ ამ სიგნალს, რომ ამჯერად
ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ ამას. მოდით, გავგზავნოთ ეს სიგნალი!
ამას ვაპირებთ შემდეგი ორი კვირის მანძილზე. არა
უბრალოდ შეთანხმებას, რომ შევამციროთ ის დამაბინძურებელი აირები, რომელთაც ჩვენს
ცაში ვუშვებთ, არამედ შეთანხმებას, რომელიც დაგვეხმარება, ამოვიყვანოთ ხალხი
სიღარიბიდან და არ შევატოვოთ მომავალ თაობას ის პლანეტა, რომელიც საკუთარ თავსაც
ვეღარ გადაარჩენს. აქ, პარიზში, ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიოს, რა შეგვიძლია, როდესაც
დავდგებით ერთად, ერთობლივი ძალისხმევითა და საერთო მიზნით გაერთიანებულნი.
ეჭვგარეშეა, რომ მომავალი თაობა გვიყურებს, რას
გავაკეთებთ. თუნდაც ამ ერთი კვირის წინათ, მე გახლდით მალაიზიაში, სადაც დავესწარი
ახალგაზრდებით სავსე ქალაქის საკრებულოს ყრილობას და პირველი შეკითხვა იყო ერთი
ინდონეზიელი გოგონასგან. და ის არ ეხებოდა ტერორიზმს, ის ეხებოდა კლიმატურ
ცვლილებას. მან მკითხა, ვიყავი თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი, იმის შესახებ,
რასაც აქ, პარიზში მივაღწევდით და რა შეეძლოთ მისნაირ ახალგაზრდებს დასახმარებლად.
მინდა, ჩვენმა ქმედებებმა დაანახოს იმ გოგონას,
რომ ჩვენ ვუსმენთ. მსურს, ჩვენი ქმედებები იყოს საკმარისად დიდი, მოიცვას ყველა, -
ქალი, მამაკაცი, მდიდარი, ღარიბი, - ვაჩვენოთ იმ გოგონას და მის გულანთებულ,
იდეალისტ თაობას, რომ ჩვენ გვედარდება მათი მომავალი.
მჯერა მარტინ ლუთერ კინგის სიტყვების, რომ
არსებობს მომენტი, როცა უკვე ზედმეტად გვიანია. და როცა ეს კლიმატის ცვლილებას
ეხება, აღნიშნული მომენტი უკვე მალე დადგება. მაგრამ თუ აქ ვიმოქმედებთ, თუ ახლა
ვიმოქმედებთ, თუ ჩვენს სულმოკლე ინტერესებს გადავანაცვლებთ იმ ჰაერის უკან,
რომელსაც ჩვენი ახალგაზრდობა სუნთქავს, იმ საკვებისა, რომლითაც ისინი იკვებებიან და
იმ წყლისა, რომელსაც ისინი სვამენ და იმ იმედებისა და ოცნებების უკან, რომლებიც
ასაზრდოებს მათ ცხოვრებას, მაშინ ჩვენ ძალიან აღარ დაგვაგვიანდება.
ჩემო კოლეგებო, ამ გამოწვევაზე წასვლა არ
მოგვიტანს ცალსახა და სწრაფ გამარჯვებას. ჩვენი პროგრესი სხვაგვარად გაიზომება, -
იმ ტანჯვით, რომელსაც ავირიდებთ და გადარჩენილი პლანეტით. და ეს იყო ყოველთვის
ძნელი. ჩვენი თაობა ალბათ ვერც მოესწრება იმის სრულ რეალიზაციას, რასაც ჩვენ აქ
ვაკეთებთ. მაგრამ გვეცოდინება, რომ მომავალი თაობა გაცილებით უკეთესად იქნება
ჩვენი დამსახურებით, - შეგვიძლია ამაზე დიდი ჯილდო წარმოვიდგინოთ? გადავცეთ ეს
ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ წარსულის გახსენებისას, იმის ცოდნისას, რაც
ჩვენ აქ, პარიზში მოვიმოქმედეთ, სიამაყით აღივსონ ჩვენი დიდი მიღწევის გამო.
დაე, ეს იყოს ჩვენი საერთო მიზანი. სამყარო,
რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ. სამყარო, რომელსაც გამოარჩევს არა კონფლიქტი,
არამედ თანამშრომლობა და არა ადამიანური ტანჯვა, არამედ კაცობრიობის პროგრესი.
სამყარო, რომელიც უფრო უსაფრთხოა, უფრო მდიდარი, უფრო დაცული და უფრო თავისუფალი
ვიდრე ის, რომელიც ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობით.
მოდი, შევუდგეთ საქმეს. დიდი მადლობა.“
ბარაკ ობამა
30.11.2015, პარიზი

Comments
Post a Comment