"სახლში დაბრუნება საშინელებაა" (თარგმანი)

ფილმიდან "I'm thinking of ending things", Eva H. D


                   * * *

სახლში დაბრუნება საშინელებაა

იმის მიუხედავად აგლოკავს თუ არა ძაღლი სახეზე,

გყავს თუ არა ცოლი ან სიმარტოვე,

რომელსაც ცოლის ფორმა აქვს

და შენ გელოდება;

დაბრუნებული საშინლად მარტოსული ხარ,

ისე რომ იქაური მძიმე ატმოსფერული წნევა

საიდანაც დაბრუნდი, კეთილად მოგაგონდება,

რადგან ყველაფერი უარესდება როცა სახლში ხარ.


შენ კი ფიქრებში ილტვი ბალახის ღეროებზე მიწებებულ პარაზიტებთან,

გზაში გატარებულ საათებთან, საგზაო ტექდახმარებასა და ნაყინთან,

ამა თუ იმ ღრუბლის უცნაურ ფორმებსა და სიჩუმესთან,

რადგან არ გსურდა დაბრუნება;

სახლში დაბრუნება უბრალოდ კატასტროფაა.


შინ კი სიწყნარე და მოღრუბლულობა არაფერში გადგია,

მხოლოდ უკმარისობის განცდას გიტოვებს..


ეს ღრუბლები, როგორც ასეთი, საეჭვოა და სხვა მასალისაა,

იმათთან შედარებით, რომლებიც უკან მოიტოვე და შენ თვითონაც

სხვა დაბინდული ქსოვილისგან ხარ გამოჭრილი.

დაბრუნებულს, დანამცეცებულს, მთვარის შუქი უთავაზოდ გხვდება.

უბედური ხარ დაბრუნებული,

მინავლებული ყველა წერტილში,

ნაკერებიანი სამოსით, დალპობილი ჩვარივით, გაცვეთილი.


სახლში ისე ბრუნდები თითქოს სადღაც მთვარეზე ჩამოგსვეს ვიღაც გადამთიელი...

დედამიწის გრავიტაცია ახლა გაორმაგებულად გექაჩება და ჩამოგიშლის

ფეხსაცმელზე შეკრულ თასმებს,

მხრები კი უფრო და უფრო გეკვეთება.


მწუხარების სტროფები შენს შუბლზე...


სახლში ბრუნდები როგორც ამოღრუტნული, გამომშრალი ჭა

ხვალინდელ დღესთან გადანასკვული ერთი ბეწვით...

თუ რაც არის მოკლედ,

ჩაინთქმები იდენტური დღეების წვიმაში...

რა გაეწყობა,

შენ დაბრუნდი.


ადის და ჩადის მზე როგორც დაქანცული ბოზი,

მოტეხილი კიდურივით უძრავია ამინდი,

შენ კი უბრალოდ ბერდები.

არაფერი იძვრის შენს სხეულში

მარილის ტალღების მიქცევ-მოქცევის გარდა,

მხედველობა გენისლება, თან დაგაქვს შენი ამინდი -

უზარმაზარი ლურჯი ვეშაპი, გალეული სიბნელე.


ბრუნდები სახლში რენტგენული ხედვით,

შენი თვალები ახლა თავად შიმშილის განსახიერებაა,

მუტანტისებრი ნიჭით ბრუნდები შინ

ძვლებისგან აგებულ სახლში;

ყველაფერი, რასაც ახლა ხედავ, ცარიელი ძვალია.


Comments

Popular posts from this blog

გმირების "ასავალ–დასავალი"

My mom is facebookly dead...:((

როგორ ატარებენ საქართველოში გამოცდებს